საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი კომპანია „ბალტიის კვლევების“ (Baltijos Tyrimai) მიერ ლიეტუვის ეროვნული ტელე-რადიო მაუწყებლის (LRT) დაკვეთით ჩატარებული ახალი კვლევის თანახმად, ლიეტუველთა თხუთმეტი პროცენტი აცხადებს, რომ ბოლო წლებში სამედიცინო მომსახურებისთვის ქრთამი გაუცია ან მომსახურება სხვა ფორმით აუნაზღაურებია.

ექიმები და სპეციალური საგამოძიებო სამსახური (STT) აცხადებენ, რომ სიტუაცია თანდათან უმჯობესდება, თუმცა ქვეყანაში პრობლემა კვლავ საკმაოდ მწვავედ დგას, რასაც დიდი ხნის განმავლობაში ფეხმოკიდებული ჩვევები და მედიკოსთა დაბალი ხელფასები განაპირობებს.

„ზოგიერთი პაციენტი საავადმყოფოებსა და კლინიკებში ჯერ კიდევ კონვერტებით, ან სულაც საჩუქრებით სავსე ჩანთებით მიდის“, - განაცხადა ლიეტუვის სამედიცინო მოძრაობის საბჭოს წევრმა, აურისტიდა გერლიაკიენემ. მისი თქმით, სასაჩუქრე ასორტიმინტი საკმაოდ მრავალფეროვანია: თაფლიდან, კვერცხებიდან და შებოლილი ღორის ხორიდან დაწყებული, შოკოლადით, ღვინითა და შამპანურით დამთავრებული.

აურისტიდა გერლიაკიენეფოტო: ე. ბლაჟისი / ლიეტუვის ეროვნული ტელე-რადიო მაუწყებელი (LRT)

მიუხედავად იმისა, რომ უკანონო გასამრჯელოები, თითქოს, იკლებს, „კონვერტის კულტურა“ ლიეტუვაში კვლავ ფართოდ არის გავრცელებული. ლიეტუვის ახალგაზრდა ექიმთა ასოციაციის მიერ რამდენიმე წლის წინ შეგროვებული მონაცემებით, რესპონდენტთა ნახევარი ჯანდაცვის სისტემას ქვეყნის ყველაზე კორუმპირებულ სექტორად მიიჩნევს. ყოველმა მეხუთე გამოკითხულმა აღნიშნა, რომ კლინიკაში ან საავადმყოფოში მედპერსონალს ფული შესთავაზა, ყოველმა მეათემ თქვა, რომ ეს რეგიონულ დაწესებულებაში გააკეთა, ხოლო კიდევ 20-მა პროცენტმა განაცხადა, რომ პირდაპირ მოსთხოვეს ფული.

STT ხაზს უსვამს, რომ ნებისმიერი მატერიალური ჯილდო - თუნდაც ბაღში მოკრეფილი ვაშლი ან სახლში დამწნილებული კიტრი - უკანონოა, თუ ის ექიმის პროფესიული მოვალეობების სანაცვლოდ არის შეთავაზებული.

STT-ის ანტიკორუფციული განათლების განყოფილების ხელმძღვანელმა, ბენას ალდაკაუსკასმა გაიხსენა შემთხვევა, როდესაც „მადლობის“ ნიშნად მიტანილი სახლში გამომცხვარი ტორტი განყოფილების თანამშრომლებსა და პაციენტებს გაუნაწილეს. ტორტში ბაქტერიები აღმოჩნდა და, ალდაკაუსკასის თქმით, „მთელი განყოფილება ცუდად გახდა“.

კვლევის მონაცემები

„ბალტიის კვლევების“ მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, რესპონდენტთა 15%-მა განაცხადა, რომ ექიმს ან სამედიცინო მუშაკს ფულით ან სხვა საჩუქრებით გადაუხადა მადლობა, სამმა მეოთხედმა თქვა, რომ ეს არ გაუკეთებია, ხოლო თითქმის 10%-მა აღნიშნა, რომ ბოლო წლებში სამედიცინო დაწესებულებაში საერთოდ არ ყოფილა.

პოლიკლინიკაფოტო: დ. უმბრასო / ლიეტუვის ეროვნული ტელე-რადიო მაუწყებელი (LRT)

ქალები მამაკაცებზე ოდნავ უფრო ხშირად სთავაზობენ მედპერსონალს ქრთამს, ისევე როგორც დიდი ქალაქების ხანდაზმული მაცხოვრებლები, პენსიონერები და ის ადამიანები, რომელთა ოჯახის შემოსავალი თვეში 1 200 ევროზე ნაკლებია.

ლიეტუვის სამედიცინო მოძრაობის წევრები შიშობენ, რომ ჯანდაცვის სისტემის მიმდინარე რეფორმებმა შესაძლოა პრობლემა კიდე უფრო გაამწვავოს.

„განცდა იმისა, რომ „თუ რამეს მივცემ, დახმარებას უფრო სწრაფად მივიღებ ან უკეთესი ხარისხის მომსახურება მექნება“, კვლავ ძლიერია“, - განაცხადა გერლიაკიენემ. მისი თქმით, უკანონო გადახდა ხარისხს არ გააუმჯობესებს, მაგრამ არსებობს რისკი, რომ ამან გავლენა მოახდინოს პაციენტის ლოდინის დროზე: „არსებობს რეალური საფრთხე, რომ ეს კულტურა უფრო აყვავდეს“.

სიტუაციის მოგვარება

ლიეტუვის ჯანდაცვის მინისტრის მრჩეველი კომუნიკაციების საკითხებში, ირმინა ფროლოვა-მილაშიენე ამბობს, რომ ბოლოდროინდელი საკანონმდებლო ცვლილებები მიზნად ისახავს სისტემის გამჭვირვალობის გაზრდას და იმის უზრუნველყოფას, რომ პაციენტებს ნათლად ესმოდეთ, რა სერვისები ეკუთვნით, მათ შორის - კერძო სექტორში.

ლიეტუვის სპეციალური საგამოძიებო სამსახურის (STT ლოგო)ფოტო: ე. ბლაჟისი / ლიეტუვის ეროვნული ტელე-რადიო მაუწყებელი (LRT)

ოფიციალური პირების თქმით, სამედიცინო გარემოში კორუფცია შეიძლება ორმხრივი იყოს: ექიმს, შესაძლოა, უკანონო საზღაური შესთავაზონ, მაგრამ ზეწოლა ან მინიშნებები მის გაცემაზე შეიძლება პაციენტების მიმართაც არსებობდეს.

ალდაკაუსკასის თქმით, ასეთ სიტუაციებს ორივე მხარე უნდა დაუპირისპირდეს. „თუ გრძნობთ, რომ ექიმი რაღაცას ითხოვს, ჰკითხეთ, რა უნდა მას. და თუ ექიმი გრძნობს, რომ პაციენტს სურს რაღაცის მიცემა, ჰკითხეთ, რატომ ფიქრობენ, რომ კომპენსაცია უნდა გადაიხადონ. სიტუაციის განხილვის და დიალოგის ნუ შეგეშინდებათ“, - აღნიშნა მან.

მისივე თქმით, პაციენტებმა ქრთამის მოთხოვნის ეჭვის შესახებ საავადმყოფოს ადმინისტრატორს, პოლიციას ან STT-ს უნდა შეატყობინონ. დამრღვევებს – იქნებიან ეს პაციენტები თუ სამედიცინო პერსონალი – შესაძლოა ადმინისტრაციული ან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, ასევე დისციპლინური ზომები დაეკისროთ.

წყარო: 1 არხი