12 ივლისს საფრანგეთმა ახალ კალედონიასთან შეთანხმება გამოაცხადა, რომელიც სამხრეთ წყნარი ოკეანის ტერიტორიას მეტ ავტონომიას ანიჭებს.

თუმცა Euronews აღნიშნავს, რომ შეთანხმება არქიპელაგის ადგილობრივი მოსახლეობის მიერ მოთხოვნილ სრულ დამოუკიდებლობას არ ითვალისწინებს.

13-გვერდიანი შეთანხმება, რომელსაც საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა "ისტორიული" უწოდა, "კალედონიის სახელმწიფოს" შექმნას ითვალისწინებს, რომელიც საფრანგეთის შემადგენლობაში დარჩება. ეს ცვლილება საფრანგეთის კონსტიტუციაში ჩაიწერება.

ასევე, შეთანხმება ადგილობრივი მოსახლეობისთვის კალედონიური მოქალაქეობის პარალელურად ფრანგული მოქალაქეობის ქონას შესაძლებელს ხდის.

Euronews აღნიშნავს, რომ შეთანხმებას ჯერ კიდევ სჭირდება ახალი კალედონიის საბოლოო მხარდაჭერა და შესაძლოა, თებერვალში მასზე კენჭისყრაც გაიმართოს.

გამოცემის მიხედვით, ავსტრალიის აღმოსავლეთით მდებარე არქიპელაგში ათწლეულების განმავლობაში დამოუკიდებლობის მომხრეებსა და საფრანგეთის ერთგულ მოქალაქეებს შორის პოლიტიკური დაძაბულობა იყო.

კანაკი პარლამენტარის, ემანუელ ტჯიბაუს თქმით, რომელმაც 10-დღიან მოლაპარაკებებში მონაწილეობა მიიღო, ახალი შეთანხმება კუნძულს "ძალადობის სპირალიდან გამოსვლაში" დაეხმარება.

"ამ ტექსტში სიტყვა ‘დამოუკიდებლობა’ ნახსენები არ არის. თუმცა, ის სტრუქტურირებულ, პროგრესულ, სამართლებრივად მოწესრიგებულ და პოლიტიკურად ლეგიტიმურ გზას ხსნის" - განაცხადა ტჯიბაუმ.

შეთანხმება ასევე მიესალმნენ ისინი, ვინც ახალი კალედონიის საფრანგეთთან კავშირის შენარჩუნებას ემხრობა. პარლამენტარმა ნიკოლა მეტცდორფმა მას "დიალოგიდან დაბადებული კომპრომისი“ უწოდა და კალედონიური მოქალაქეობა "ნამდვილ დათმობად" შეაფასა.

შეთანხმების ამონარიდების მიხედვით, რომლებიც ახალი კალედონიის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა, ახალ კალედონიაში განსაკუთრებული კონგრესი მომდევნო ნაბიჯების დასაზუსტებლად გაიმართება, რაც შესაძლოა მოიცავდეს მეტი სუვერენიტეტის მინიჭებას ახალი კალედონიისთვის ისეთი საკითხების მიმართ, როგორიცაა საერთაშორისო ურთიერთობები, უსაფრთხოება და მართლმსაჯულება.

შეთანხმებამ შესაძლოა მომავალში ახალი კალედონიისთვის სახელის, დროშისა და ჰიმნის შეცვლის შესაძლებლობაც გახსნას.

2024 წლის მაისში ახალ კალედონიაში პროტესტები დაიწყო, როცა საფრანგეთმა კონტროვერსიულ საკონსტიტუციო ცვლილებებს დაუჭირა მხარი. ამ რეფორმებით, კუნძულზე 10 წლის ან მეტი ხნის განმავლობაში მყოფ ათასზე მეტ ფრანგ მცხოვრებს ხმის მიცემის უფლება ეძლეოდათ.

კუნძულის მკვიდრი მოსახლეობის, კანაკების, ის ნაწილი, რომელიც დამოუკიდებლობას ემხრობა და რეფორმას ეწინააღმდეგებოდა, მიიჩნევდა, რომ ახალი კანონით დამოუკიდებლობაზე რეფერენდუმების ჩატარება გართულდებოდა და მათ ხმას ძალა დაეკარგებოდა.

tabula.ge