საფრანგეთი უარყოფს რუსეთის რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის (СВР) მტკიცებას, რომ საფრანგეთი უკრაინისთვის ბირთვული იარაღის გადაცემას გეგმავს.

"ეს უსაფუძვლო განცხადება СВР-ის მხრიდან აიტაცეს სხვადასხვა რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიასაშუალებებმა X-ზე და ასევე ზოგიერთმა უცხოურმა საინფორმაციო სააგენტომ, რუსეთის ფედერაცია ხშირად მიმართავს დეზინფორმაციას, რათა შექმნას უნდობლობის განწყობა საფრანგეთისა და მისი პარტნიორების უკრაინის მხარდასაჭერი ქმედებების მიმართ. ეს ბოლო მცდელობა ამის სრულყოფილი ილუსტრაციაა,“ - განაცხადა საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს კომუნიკაციების დირექტორმა ოლივია პენიშუმ.

ცნობისთვის, СВР-მა გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი უკრაინისთვის ბირთვული იარაღის გადაცემას გეგმავენ. რუსულ სპეცსამსახურს ამ ბრალდების დამამტკიცებელი არანაირი საბუთი არ გაუვრცელებია.

განცხადებაში ირწმუნებიან, რომ "ბრიტანული და ფრანგული ელიტები არ არიან მზად შეეგუონ დამარცხებას" და გეგმავენ უკრაინის ბირთვული იარაღით შეიარაღებას, რათა "კიევს საბრძოლო მოქმედებების დასრულების უფრო მეტად მომგებიანი პირობები ჰქონდეს, თუ ექნება ატომური ან, სულ მცირე, ე.წ. "ბინძური" ბომბი". ამავე განცხადებაში ირწმუნებიან, რომ "ბერლინმა კეთილგონივრულად უარი თქვა ამ სახიფათო ავანტიურაში მონაწილეობაზე".

ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა რუსული უწყებები უკრაინას ბირთვული იარაღის მოპოვების მცდელობაში ადანაშაულებენ. ჯერ კიდევ 2022 წლის ოქტომბერში რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ირწმუნებოდნენ, რომ უკრაინის მხრიდან ე.წ. ბინძური ბომბის გამოყენების საფრთხე არსებობდა. 2023 წლის ივნისში რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურში ირწმუნებოდნენ, რომ უკრაინის სამხედრო დაზვერვა რუსეთის ტერიტორიაზე "ბინძური ბომბის" აფეთქებას გეგმავდა. არც ერთი მსგავსი ბრალდების შემდეგ რუსეთს დამადასტურებელი სამხილები არ გამოუქვეყნებია. 

"ბინძური ბომბი" არის კონვენციური იარაღისა და ბირთვული მასალის შერწყმით შექმნილი მცირე სიმძლავრის ბირთვული იარაღი.

tabula.ge