მენეჯმენტის განვითარების საერთაშორისო ინსტიტუტმა (IMD), რომელიც ლოზანაში მდებარეობს, გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგის 2024 წლის მონაცემები გამოაქვეყნა. ინსტიტუტმა მსოფლიოს 67 ქვეყნის ეკონომიკის მაჩვენებლები გააანალიზა. კვლევის შედეგების თანახმად, წელს ესტონეთის ეკონომიკამ 33-ე ადგილი დაიკავა და 2023 წელთან შედარებით, კიდევ შვიდი პოზიციით დაქვეითდა.

ესტონეთის ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის (EKI) ინფორმაციით, ესტონეთმა, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის, ორი ადგილით უკან დაიხია.

„უკვე ზედიზედ მეორე წელია, რაც კონკურენტუნარიანობის რეიტინგში პოზიციებს ვთმობთ. 2022 წელს 22-ე ადგილზე ვიყავით, 2023 წელს - 26-ზე, წელს კი 33-ე ადგილზე ვართ“, - აცხადებს EKI-ს დირექტორი, პიტერ რაუდსეპი.

„თუ ადრე შესაძლებელი იყო, ასეთი უკუსვლა უკრაინის ომთან დაკავშირებული ფაქტორებით აგვეხსნა, ახლა ამის გაკეთება ბევრად უფრო რთულია, - აღნიშნა მან, -რადგან ლატვია, მაგალითად, ექვსი პოზიციით დაწინაურდა, ლიეტუვა კი - ორით. არადა, უკრაინაში მიმდინარე ამბები ორივე ამ ქვეყანაზე ისევე აისახება, როგორც ჩვენზე“.

რაუდსეპის თქმით, ერთადერთი, რომელიც შარშანდელთან შედარებით არ შეცვლილა, ეკონომიკური პარამეტრებია, რომლის მიხედვითაც, ზედიზედ მეორე წელია, ესტონეთი 54-ე ადგილს იკავებს.

მიმდინარე წლის რეიტინგში, გასული წლის შედეგებთან შედარებით, ნორვეგია ოთხი პოზიციით დაწინაურდა და ათეულში შევიდა, შეერთებული შტატები კი ათეულიდან გამოვიდა, რადგან, წინა წელთან შედარებით, სამი ადგილით დაქვეითდა და მე-12 პოზიციაზე გადაინაცვლა. ათეულში, ძირითადად, მცირე ეკონომიკის მქონე ქვეყნები მოხვდნენ, საიდანაც ექვსი ევროპულია.

2024 წლის რეიტინგის მიხედვით, ყველაზე კონკურენტუნარიანი ეკონომიკის ათეულში შედიან:

სინგაპური (2023 წელს: მე-4 ადგილი), შვეიცარია (2023 წელს: მე-3 ადგილი), დანია (1 ადგილი), ირლანდია (მე-2 ადგილი), ჰონგ-კონგი (მე-7 ადგილი), შვედეთი (მე-8 ადგილი), არაბთა გაერთიანებული საამიროები (მე-10 ადგილი), ტაივანი (მე-6 ადგილი), ნიდერლანდები (მე-5 ადგილი) და ნორვეგია (მე-14 ადგილი).

წლის განმავლობაში, რეიტინგში ყველაზე მეტად სამხრეთ კორეის ეკონომიკა დაწინაურდა (რვა ადგილით), ყველაზე მეტად კი ჩეხეთის ეკონომიკა დაეცა (ასევე რვა ადგილით).

ესტონეთის ყველაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორებიდან, შვედეთის ეკონომიკა მე-6 ადგილზეა, ფინეთის - მე-15, გერმანიის - 24-ე, ლიეტუვის - 30-ე, ხოლო ლატვიის - 45-ე ადგილზე.

რაც შეეხება თავად ესტონეთს, მისი ეკონომიკა ორი პოზიციით გაუარესდა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის მე-13 ადგილი დაიკავა.

1tv.ge