უკრაინიდან ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით 2 გეგმა განიხილება. ფრენების აღდგენის ყველაზე სავარაუდო თარიღი 2023 წლის ბოლოა, ამის შესახებ დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკლ ო'ლირიმ ინტერფაქს-უკრაინასთან ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენ განვიხილავთ ორ გეგმას: ერთი, როცა ომი დასრულდება და ყველაფერი ერთ-ორ დღეში გაიხსნება. და მეორე, დიდი ალბათობით, შეგვიძლია დავგეგმოთ მცირე რაოდენობის ფრენები ამ წლის ბოლოს,“ - თქვა ო’ლირიმ.

მისი თქმით, უკრაინა ამ მიმართულებით ისრაელიდან ჩამოსულ ექსპერტებთან ერთად მუშაობს.

„შეგვიძლია დავარწმუნოთ ევროპის უსაფრთხოების ორგანოები და უკრაინის ხელისუფლება, რომ ფრენები იქნება უსაფრთხო, რომ მათ შეუძლიათ დაიცვან თვითმფრინავი რაკეტებისგან და როგორც ეს ისრაელში ხდება. უკრაინის ხელისუფლება მუშაობს სწორ ადამიანებთან, რათა სცადონ საჰაერო სივრცის ხელახლა გახსნა“, - თქვა ო’ლირიმ.

მისი თქმით, დღეს უსაფრთხოდ გამოიყურება კიევისა და ლვოვის მიმართულებით შეზღუდული რაოდენობის ფრენების განხორციელება. გარდა ამისა, Ryanair-ის ხელმძღვანელის თქმით, მალე ოდესიდან ფრენების დაწყებაც უსაფრთხო იქნება.

რაც შეეხება უკრაინიდან ფრენების სამომავლო მიმართულებას, Ryanair-ის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, მთავარი ქალაქები, ცხადია, იქნება ვარშავა, კრაკოვი, ბერლინი, ფრანკფურტი, მილანი, რომი, ლონდონი, ბრიუსელი, ამსტერდამი და პარიზი.

ო'ლირიმ ასევე თქვა, რომ ავიაკომპანია მზად არის ჰყავდეს 10 თვითმფრინავი კიევში, 5 - ლვოვში და შესაძლოა 1 ან 2 - ოდესაში და მათ რიცხვს მომდევნო 2-4 წლის განმავლობაში გააორმაგებს, რადგან ტრეფიკი იზრდება.