LUKoil-მა, რუსეთის ნავთობის სიდიდით მეორე მწარმოებელმა, განაცხადა, რომ მისმა შვილობილმა კომპანია LITASCO-მ დაასრულა ნავთობ გადამამუშავებელი ISAB-ის ქარხნის გაყიდვა იტალიაში. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

სიცილიაში ქარხანა, იტალიის ხელისუფლების თანხმობის შემდეგ, კვიპროსულმა კერძო საინვესტიციო კომპანია GOI Energy-მ შეიძინა. გარიგების ფინანსური დეტალები არ გახმაურებულა.

GOI Energy-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ ის, ინდუსტრიულ პარტნიორებთან, მათ შორის Trafigura-სთან ერთად, ნავთობ გადამამუშავებელი ქარხნის ევროპის ერთ-ერთ მთავარ ენერგეტიკულ კერად გადაქცევას გეგმავს.

„ISAB-მა და Trafigura-მ გრძელვადიანი კომერციული ხელშეკრულებები გააფორმეს, რომლებიც უზრუნველყოფენ ნედლეულის მიწოდების უწყვეტობას და მზა პროდუქციის შეძენას. Trafigura სამომავლოდ ქარხნის სრული ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად გადამწყვეტ როლს შეასრულებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ISAB-ის ქარხანა სიცილიაში დღეში 320 000 ბარელ ნავთობს ამუშავებს, რაც იტალიის ნავთობის გადამუშავების სიმძლავრის მეხუთედია. კომპანიაში უშუალოდ 1000 ადამიანია დასაქმებული.

იანვარში LUKoil-მა გამოაცხადა, რომ მიაღწია წინასწარ შეთანხმებას გადამამუშავებელი ქარხნის GOI Energy-სთვის მიყიდვის შესახებ.

„მიუხედავად იმისა, რომ LUKoil-ი არ არის რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციების პირდაპირი სამიზნე, ISAB-ის გადამამუშავებელ ქარხანას შეეხო ემბარგო, რადგან ბანკებს არ სურდათ რუსეთთან დაკავშირებული კომპანიის შესყიდვების დაფინანსება.

იტალიის მთავრობა, სტრატეგიული მნიშვნელობის სექტორების დასაცავად შექმნილი რეგულაციების ფრთხილად შესწავლის შემდეგ, კომპანიის გაყიდვის გადაწყვეტილებას დათანხმდა.