რუსეთის უმდიდრესმა ბიზნესმენებმა, მათ შორის კრემლთან დაახლოებულმა პირებმა, ბოლო ერთი წლის განმავლობაში საზღვარგარეთ ათობით მილიარდი დოლარი გადაიტანეს. ამის მიზეზად ისინი რუსეთის ეკონომიკისა და სახელმწიფო ფინანსების მდგომარეობის შესახებ შეშფოთებას, ასევე საკუთარი ქონების შესაძლო კონფისკაციის რისკს ასახელებენ,- ინფორმაციას სააგენტო Bloomberg ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, 2025 წელს რუსეთის პროკურატურამ სახელმწიფოს საკუთრებაში დააბრუნა აქტივები, რომელთა საერთო ღირებულება 4 ტრილიონ რუბლზე მეტია, რაც დაახლოებით 51.5 მილიარდ დოლარს შეადგენს.
სახელმწიფოს სასარგებლოდ ქონების დაკარგულ ბიზნესმენებს შორის არიან რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი აგროჰოლდინგის, „რუსაგროს“ დამფუძნებელი ვადიმ მოშკოვიჩი, ქვეყნის ერთ-ერთი მსხვილი ოქროს მომპოვებელი კომპანიის მფლობელი კონსტანტინ სტრუკოვი და ბიზნესმენი დიმიტრი კამენშჩიკი, რომელსაც მოსკოვის აეროპორტ „დომოდედოვოს“ აქტივები ჩამოერთვა.
Bloomberg-ის წყაროების, ასევე კომპანიების ფინანსური ანგარიშგებისა და უძრავი ქონების შეძენის დოკუმენტების მიხედვით, ბოლო თვეებში რუსი მილიარდერები სულ უფრო აქტიურად აბანდებენ თანხებს კრიპტოვალუტებში, ოქროში, უცხოურ უძრავ ქონებასა და კერძო საინვესტიციო ფონდებში. განსაკუთრებული ინტერესის მიმართულებად კი სპარსეთის ყურის ქვეყნები რჩება.
გამოცემის ინფორმაციით, ზოგიერთი ბიზნესმენის შეშფოთება კიდევ უფრო გაიზარდა მარტში ვლადიმერ პუტინთან გამართული დახურული შეხვედრის შემდეგ. შეხვედრაზე მილიარდერმა სულეიმან კერიმოვმა ბიზნესმენებს შესთავაზა სახელმწიფო ბიუჯეტში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა, რადგან მათი კომპანიები 1990-იან წლებში შეიქმნა. ინიციატივას პუტინმაც დაუჭირა მხარი.
ერთ-ერთმა ბიზნესმენმა Bloomberg-ს განუცხადა, რომ თანხების გადატანა დაიწყო კვიპროსსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. კიდევ ორმა მეწარმემ აღნიშნა, რომ ინვესტიციებს კვლავ ახორციელებენ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, თურქეთსა და საუდის არაბეთში, ხოლო მეოთხე ბიზნესმენმა განაცხადა, რომ თანხების დაბანდებას აფრიკის ქვეყნებშიც იწყებს.
კაპიტალის გატანის გზებიც შეიცვალა, რადგან რუს ბიზნესმენებს ახლა არა მხოლოდ დასავლური სანქციების, არამედ კრემლის კონტროლის გვერდის ავლაც უწევთ. Bloomberg-ის ცნობით, სულ უფრო პოპულარული ხდება არაფორმალური ფინანსური არხები სომხეთის, ყაზახეთისა და ყირგიზეთის გავლით, სადაც გამოიყენება სტეიბლკოინი A7A5.
ეს ტოკენი შექმნა კომპანია A7-მა, რომელიც ტრანსსასაზღვრო გადახდებზე მუშაობს და ეკუთვნის მოლდოველ ბანკირ-გაქცეულ ილან შორსა და რუსეთის სახელმწიფო ბანკ „პრომსვიაზბანკს“, რომელიც საერთაშორისო სანქციების ქვეშ იმყოფება.
2025 წლის სექტემბერში „პრომსვიაზბანკის“ მმართველობის თავმჯდომარის მოადგილემ მიხაილ დოროფეევმა განაცხადა, რომ წლის პირველ ნახევარში A7-ის პლატფორმის მეშვეობით 96 მილიარდი დოლარის მოცულობის ოპერაციები განხორციელდა.