რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომლითაც რატიფიცირდა დსთ-ის წევრ ქვეყნებს შორის შეთანხმება სასამართლო გადაწყვეტილებების იძულებითი აღსრულების პროცესში ინფორმაციის გაცვლის შესახებ. შეთანხმების ფარგლებში, რუსეთის აღმასრულებელი წარმოების ფედერალურ სამსახურს, შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე, სხვა წევრი ქვეყნების კომპეტენტური უწყებებიდან რუსეთის მოქალაქეების შესახებ მონაცემების გამოთხოვა შეეძლება.

ინფორმაციის გაცვლა შეეხება იმ პირებს, რომელთა მიმართაც სააღსრულებო წარმოება მიმდინარეობს. მოთხოვნა შეიძლება მოიცავდეს ცნობებს მათი დასაქმების, შემოსავლების, ქონების ადგილმდებარეობის, საბანკო ანგარიშების, სატრანსპორტო საშუალებებისა და კომერციულ კომპანიებში წილების შესახებ.

შეთანხმებას, რომელიც 2025 წლის 13 მაისს გაფორმდა, რუსეთთან ერთად აზერბაიჯანმა, სომხეთმა, ბელარუსმა, ყაზახეთმა, ყირგიზეთმა, ტაჯიკეთმა და უზბეკეთმა მოაწერეს ხელი. დოკუმენტი ორმხრივ თანამშრომლობას ითვალისწინებს — შესაბამისად, ამ ქვეყნების შესაბამის უწყებებსაც შეეძლებათ რუსეთისგან სააღსრულებო წარმოებისთვის საჭირო ინფორმაციის მოთხოვნა.

ამასთან, შეთანხმების მონაწილე ზოგიერთმა ქვეყანამ ინფორმაციის გაცემაზე დათქმები გააკეთა. მაგალითად, ბელარუსი საბანკო ანგარიშებზე მხოლოდ თანხის არსებობის შესახებ ინფორმაციას გასცემს, ანგარიშის ნომრის, ბანკის დასახელებისა და თანხის ოდენობის გამჟღავნების გარეშე. ყაზახეთის მიერ საბანკო ინფორმაციის გაცემა კი ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილ შეზღუდვებს დაექვემდებარება.