სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, მომდევნო სამი თვის განმავლობაში შეიმუშავებენ წინადადებებს ქვეყნის სარკინიგზო სისტემის კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად. ამის შესახებ მან ერევანში, რუსეთის რკინიგზის ხელმძღვანელ ოლეგ ბელოზიოროვთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ფაშინიანის თქმით, სომხეთი პრინციპულად არ ეწინააღმდეგება რკინიგზის რუსეთის კონცესიის ქვეშ მართვას, თუმცა მიიჩნევს, რომ არსებული მოდელის შეცვლა და მართვის მესამე მხარისთვის გადაცემა შესაძლოა უფრო ეფექტიანი იყოს. ამასთან, ერევანი მზადაა, რუსეთის მხარის წინადადებებიც განიხილოს.

ცნობისთვის, ამჟამად სომხეთის სარკინიგზო ქსელს რუსეთის რკინიგზის შვილობილი კომპანია „სამხრეთკავკასიური რკინიგზა“ კონცესიის საფუძველზე მართავს.