რუსეთმა და ჩინეთმა მილსადენ „სილა სიბირი 2“-ის მშენებლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს.
როგორც რუსეთის სახელმწიფო კომპანია „გაზპრომის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ, ალექსეი მილერმა განაცხადა, რუსეთმა ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომლითაც მოსკოვი იღებს იურიდიულ ვალდებულებას, გაიყვანოს მილსადენი „სილა სიბირი 2“ და მონღოლეთზე გამავალი ტრანზიტული გაზსადენი „სოუზ – ვოსტოკი“.
„ეს პროექტი საშუალებას იძლევა, რუსეთიდან მონღოლეთის გავლით წელიწადში 50 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის მიწოდება განხორციელდეს“, – განაცხადა ალექსეი მილერმა.
მისივე თქმით, ტრანზიტის შესახებ შეთანხმება 30 წლის განმავლობაში იქნება ძალაში.
„სილა სიბირი 2“- ის მშენებლობის შესახებ მემორანდუმის ხელმოწერა ჩინეთის, მონღოლეთისა და რუსეთის ლიდერების სამიტის ფონზე მოხდა. ამ ფორმატში მოლაპარაკებები მეშვიდედ გაიმართა.
გარდა ამისა, რუსულმა „გაზპრომმა“ და ჩინეთის ნავთობის და გაზის ეროვნულმა კორპორაციამ განაცხადეს, რომ ასევე მიაღწიეს სხვა კომერციულ შეთანხმებებს. საუბარია მილსადენ „სილა სიბირის“ საშუალებით ჩინეთში ბუნებრივი აირის მიწოდების გაზრდაზე წელიწადში 38 მილიარდი კუბური მეტრიდან 44 მილიარდ კუბურ მეტრამდე.
რუსეთისა და ჩინეთის სახელმწიფო კომპანიებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ. მილერის თქმით, გადახდა განხორციელდება რუსეთისა და ჩინეთის ეროვნული ვალუტით.
ცნობისთვის, „სილა სიბირის“ საშუალებით რუსული გაზის ჩინეთში მიწოდება 2019 წლიდან ხორციელდება. 2025 წლის რვა თვეში „გაზპრომმა“ ჩინეთში ბუნებრივი აირის მიწოდება 28%-ით გაზარდა.