რუსეთმა შეერთებულ შტატებს უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულების და ვაშინგტონთან ურთიერთობების აღდგენის შესახებ მოთხოვნების სია წარუდგინა, - ამის შესახებ Reuters-ი ორ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
გამოცემა წერს, რომ გაურკვეველია კონკრეტულად რა შეიტანა მოსკოვმა აღნიშნულ სიაში ან მზად არის თუ არა ჩაერთოს კიევთან სამშვიდობო მოლაპარაკებებში მათ მიღებამდე.
Reuters-ის წყაროების თქმით, კრემლმა ვრცელი პირობები წარადგინა, რომელიც უკრაინის, აშშ-სა და ნატო-ს მიმართ მოსკოვის მიერ ადრე წარდგენილი მოთხოვნების მსგავსია.
Reuters-ი წერს, რომ ადრინდელი პირობები მოიცავდა მოთხოვნას, რომ უკრაინა ნატო-ს წევრი არ უნდა გახდეს, შეთანხმებას უკრაინაში უცხოური ჯარების არ განლაგების შესახებ და პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის პრეტენზიის - რომ ყირიმი და უკრაინის ოთხი რეგიონი რუსეთის კუთვნილებაა - საერთაშორისო აღიარებას.
გამოცემა წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ელოდება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას, დათანხმდება თუ არა 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას, რისთვისაც უკრაინულმა მხარემ მზადყოფნა გამოხატა.
ამასთან, Reuters-ი იხსენებს, რომ აშშ-ისა და რუსეთის ოფიციალური პირები ბოლო კვირებში აცხადებდნენ, რომ შეთანხმების პროექტი, რომელიც ვაშინგტონმა, კიევმა და მოსკოვმა 2022 წელს სტამბოლში განიხილეს, შეიძლება სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის ამოსავალი წერტილი გახდეს. აღნიშნულ მოლაპარაკებებზე რუსეთმა მოსთხოვა უკრაინას, უარი ეთქვა ნატო-ში გაწევრიანების გეგმაზე და ბირთვული იარაღისგან სამუდამოდ თავისუფალი ქვეყნის სტატუსს დასთანხმებოდა. მოსკოვმა ასევე მოითხოვა ვეტოს დადება იმ ქვეყნების ქმედებებზე, რომლებსაც, ომის შემთხვევაში, უკრაინის დახმარება სურთ.
Reuters-ი წერს, რომ როგორც ჩანს, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია გაყოფილია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოიქცეს.
ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელმა ახლო აღმოსავლეთში სტივ უიტკოფმა სტამბოლის მოლაპარაკებებს მყარი და შინაარსობრივი უწოდა და განაცხადა, რომ ის, შესაძლოა, გახდეს ორიენტირი სამშვიდობო შეთანხმებისთვის. უკრაინისა და რუსეთის საკითხებში დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა კი განაცხადა, რომ სტამბოლის შეთანხმებას ამოსავალ წერტილად არ მიიჩნევს.
„ვფიქრობ, ჩვენ უნდა შევიმუშაოთ რაღაც სრულიად ახალი“, - აღნიშნა კელოგმა.
Ipn.ge