რუსეთის სამხედრო ძალებმა ოდესის ოლქის იზმაილის პორტში საწყობებსა და ელევატორებზე თავდასხმით დაახლოებით 40 000 ტონა მარცვლეული დააზიანეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

როგორც ვიცე-პრემიერმა - რეკონსტრუქციის, თემების, ტერიტორიების და ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრმა ალექსანდრ კუბრაკოვი სოციალურ ქსელში წერს, ეს მარცვლეული აფრიკის ქვეყნებისთვის, ჩინეთისა და ისრაელისთვის იყო განკუთვნილი.

„რუსები თავს დაესხნენ მარცვლეულის საწყობებს და ელევატორებს - დაზიანდა თითქმის 40 000 ტონა მარცვლეული, რასაც ელოდნენ აფრიკის, ჩინეთის, ისრაელის ქვეყნები“, - დაწერა კუბრაკოვმა და აღნიშნა, რომ უკრაინულ მარცვლეულს უახლოეს წლებში სხვა ვერცერთი ქვეყნის პროდუქცია ვერ ჩაანაცვლებს.

სწორედ ამიტომ, მისი თქმით, მიწოდების ჯაჭვების ნებისმიერი შეფერხება იწვევს დეფიციტს და ფასების ზრდას, რაც გავლენას ახდენს ყველა ადამიანზე მსოფლიოში.