რუსეთის დუმამ მესამე მოსმენით მიიღო კანონი, რომელიც რუსეთის ფედერაციის ცალკეულ შემადგენელ ტერიტორიულ ერთეულებში პარტნიორული (ისლამური) დაფინანსების საქმიანობისთვის ექსპერიმენტული სამართლებრივი რეჟიმის დამყარებას გულისხმობს.

დოკუმენტის ინიციატორთა ჯგუფს სახელმწიფო დუმის ფინანსური ბაზრის კომიტეტის თავმჯდომარე ანატოლი აქსაკოვი ხელმძღვანელობდა.

ექსპერიმენტი ბაშკირეთში, თათრეთში, ჩეჩნეთსა და დაღესტანში ჩატარდება. ექსპერიმენტის ტერიტორია, მთავრობისა და ცენტრალური ბანკის შეთანხმებით, შესაძლოა გაფართოვდეს.

ექსპერიმენტისთვის ორწლიანი ვადა დადგინდა (2023 წლის 1 სექტემბრიდან 2025 წლის 1 სექტემბრამდე), რომელიც ასევე შეიძლება გახანგრძლივდეს. 

საკრედიტო დაწესებულება, არასაკრედიტო ფინანსური ინსტიტუტი, სამომხმარებლო საზოგადოება, ფონდი, ავტონომიური არაკომერციული ორგანიზაცია, ბიზნესკომპანიის ან ამხანაგობის სახით რეგისტრირებული იურიდიული პირი უფლებამოსილია ექსპერიმენტული სამართლებრივი რეჟიმის მონაწილის სტატუსი მიიღოს.