რუსეთის ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, ქვეყანა 7 ივნისიდან 6 ივლისის ჩათვლით, დღეში 3,6 მილიარდი რუბლის (44,3 მილიონი დოლარის) ეკვივალენტის უცხოურ ვალუტას გაყიდის. 

უწყების ცნობით, რეგულარული უცხოური ვალუტის გაყიდვების ოდენობა, მომდევნო თვის განმავლობაში, ჯამში 74,6 მილიარდი რუბლი იქნება. აღნიშნული ინტერვენცია ნავთობისა და გაზის ექსპორტიდან შემცირებული შემოსავლების კომპენსაციის მიზნით ხორციელდება. 

ეკონომიკური სტაბილურობის შესანარჩუნებლად რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა, იანვრიდან მაისამდე 450 მილიარდი რუბლის ღირებულების იუანი და ოქრო გაყიდა. 

ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, მაისში ნავთობიდან და გაზიდან მიღებული შემოსავლები დაგეგმილთან შედარებით 30,6 მილიარდი რუბლით ნაკლები იყო. ამავე ცნობით, ივნისში ქვეყანა ენერგეტიკულ შემოსავლებში 44 მილიარდი რუბლის დეფიციტს ელის.

შემოსავლების შემცირებამ და ხარჯების ზრდამ რუსეთის იანვარ-აპრილის ბიუჯეტის დეფიციტი თითქმის 44 მილიარდ დოლარამდე გაზარდა, რაც მის 2023 წლის მიზნებს უკვე 17%-ით აღემატება. 

რუსეთმა რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ სავალუტო ინტერვენციები მიმდინარე წლის იანვარში განაახლა, რადგან ქვეყანას დეფიციტის შევსება მხოლოდ ადგილობრივი რეზერვებით და რესურსებით შეუძლია.