რუსეთი სირიაში სამხედრო კონტინგენტს ინარჩუნებს და ტარტუსში მდებარე საზღვაო ბაზის ტერიტორიაზე ლოგისტიკური ჰაბის შექმნას გეგმავს. ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს ინფორმაციას.
სირიელი მაღალჩინოსნების განცხადებით, შეთანხმების თანახმად, ბაზის ორი ნავსადგომიდან ერთს კომერციული დანიშნულება ექნება, ხოლო მეორე რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის საჭიროებებს მოემსახურება.
მედიის ცნობით, პროექტი 2026 წლის იანვრის ბოლოს რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინსა და სირიის პრეზიდენტს, აჰმედ ალ-შარაას შორის გამართულ შეხვედრაზე წარადგინეს. სააგენტოს წყაროების ინფორმაციით, იგეგმება რეგულარული სავაჭრო მარშრუტის ამოქმედება რუსეთის შავი ზღვის პორტ ნოვოროსიისკსა და სირიის ქალაქ ტარტუსს შორის. ამ მარშრუტით სირიასა და სპარსეთის ყურის ქვეყნებში გაიგზავნება ხორბალი, ხე-ტყე, ქვანახშირი, ბრინჯი, შაქარი და ფოლადი.
პირველ ეტაპზე ლოგისტიკური კომპანიის, „რუს ლაინის“ მეშვეობით გადაზიდვების მოცულობა თვეში დაახლოებით 250 000 ტონას მიაღწევს. პროექტის დაწყება ივლისის შუა რიცხვებისთვის იგეგმება და პირველი ტვირთი 30 000 ტონა მარცვლეული იქნება. წყაროს თქმით, პროექტი რუსეთის ძალისხმევის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომლის მიზანიც 2024 წელს ბაშარ ალ-ასადის დამხობის შემდეგ სირიაში ეკონომიკური ბერკეტებით საკუთარი გავლენის შენარჩუნება და გაფართოებაა.