კიდევ ერთი კვირა დასრულდა ისე, რომ რუსეთი არ დასთანხმდა მსოფლიოს მრავალრიცხოვან მოთხოვნებს და არ შეაჩერა მკვლელობები, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

მისი ინფორმაციით, მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში ფრონტზე 137 საბრძოლო მოქმედება მოხდა.

„რუსული არმია არ ამცირებს ზეწოლას. არც დანაკარგებს ითვლის. უკრაინელი მეომრები აქტიურ ზომებს იღებენ, იცავენ პოზიციებს და საომარი მოქმედებების ყველა არეალში - თუნდაც ყველაზე რთულ არეალში - არის შედეგები, რაც უკრაინას სჭირდება. ჩვენ ვინარჩუნებთ ჩვენს პოზიციებს და ყველაფერს ვაკეთებთ ოკუპანტის განადგურების ან განდევნის მიზნით. გასული კვირის განმავლობაში რუსებმა უკრაინის წინააღმდეგ ათასზე მეტი საჰაერო ბომბი და 1 400-მდე თავდასხმის დრონი გამოიყენეს. გრძელდება სარაკეტო დარტყმებიც. ჩვენ ვიცავთ ჩვენი ხალხის სიცოცხლეს და ვაძლიერებთ ჩვენს საჰაერო თავდაცვას. ასეთია ომში არსებული ვითარება. დიპლომატიაშიც სიტუაციაც შესაბამისი უნდა იყოს“, - წერს ზელენსკი.

მისი თქმით, რუსეთი ომს აჭიანურებს და შესაბამისად, ის უფრო ძლიერ გლობალურ ზეწოლას იმსახურებს.

„რუსეთი ომს აჭიანურებს და შესაბამისად, ის უფრო ძლიერ გლობალურ ზეწოლას იმსახურებს. რუსეთი უარს ამბობს მკვლელობების შეჩერებაზე და შესაბამისად, არ უნდა მიიღოს რაიმე ჯილდო ან სარგებელი. ეს არ არის მხოლოდ მორალური პოზიცია - ეს რაციონალური პოზიციაა. დათმობები მკვლელის არ არწმუნებს, მაგრამ სიცოცხლის ჭეშმარიტად ძლიერი დაცვა მკვლელებს აჩერებს. მადლობას ვუხდი მსოფლიოში ყველას, ვინც გვეხმარება ძლიერების შენარჩუნებაში და ვინც გვაახლოებს ნამდვილ მშვიდობასთან - მშვიდობასთან ძალის გზით. ეს არის ერთადერთი სახის მშვიდობა, რომლის მიღწევაც შესაძლებელია რუსეთთან. ჩვენ ამისთვის ვმუშაობთ 24/7-ზე“, - წერს ზელენსკი.

წყარო: ინტერპრესნიუსი