რუსეთი მხარს უჭერს თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის სვლას მის წინაშე დასახული მიზნებისკენ, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა თურქეთში აქუიუს ბირთვული ელექტროსადგურის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ცერემონიაში თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტები დისტანციურად მონაწილეობდნენ.
„ეს არის კიდევ ერთი დამაჯერებელი მაგალითი იმისა, რამდენს აკეთებთ თქვენ, ბატონო პრეზიდენტო, თქვენი ქვეყნისთვის, მისი ეკონომიკის ზრდისთვის, თურქეთის ყველა მოქალაქისთვის. ეს ცერემონია მეტყველებს იმაზეც, რომ თურქეთის ხელმძღვანელობა, პირადად პრეზიდენტი დიდ ყურადღებას უთმობს რუსულ-თურქული ურთიერთობების გაფართოებას ყველა მიმართულებით. მინდა, პირდაპირ ვთქვა – თქვენ იცით, როგორ დაისახოთ ამბიციური მიზნები და თავდაჯერებულად მიდიხართ მათი შესრულებისკენ. ჩვენი მხრიდან, ჩვენ ასეთ განწყობას მხარს ვუჭერთ“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
პუტინის თქმით, ანკარასა და მოსკოვს შორის თანამშრომლობასა და პარტნიორობას აქვს ურთიერთმომგებიანი ხასიათი, პასუხობს ორი ქვეყნის ძირეულ ინტერესებს და ემსახურება რეგიონულ და საერთაშორისო სტაბილურობას.
რუსეთის პრეზიდენტმა აქუიუს ბირთვულ ელექტროსადგურს თურქეთისა და რუსეთის უმნიშვნელოვანესი ერთობლივი პროექტი უწოდა, რომელიც ხელს უწყობს ეკონომიკური და მეზობლური ურთიერთობებს განვითარებას.
ამავე გამოსვლაში ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ რუსეთი და თურქეთი სამგზავრო ავიაგადაზიდვების მოცულობას გაზრდიან.
„მნიშვნელოვანია, ორ ქვეყანას შორის მგზავრობის ხელსაყრელი პირობების შექმნა. ამ კონტექსტში ჩვენ შევთანხმდით ორმხრივი ავიაგადაზიდვების მოცულობის გაზრდაზე“, – განაცხადა პუტინმა.
ამას გარდა, პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი და თურქეთი ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებაზე, სავაჭრო ბრუნვის სტიმულირებაზე შეთანხმდნენ.