რუსეთმა და ირანმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას თანამშრომლობის შესახებ, რომელიც ირანში რეშტ-ასტარას სარკინიგზო მაგისტრალის შესაქმნელად პროექტის დაფინანსებას, მშენებლობასა და საქონლის მიწოდებას ითვალისწინებს. ამის შესახებ „ინტერფაქსის“ კორესპონდენტი ხელმოწერის ცერემონიიდან იტყობინება.

შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიაში მონაწილეობდნენ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და ირანის პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი.

რუსული მედიის ინფორმაციით, ახალი სარკინიგზო მაგისტრალი სამხრეთ-ჩრდილოეთის სატრანსპორტო კორიდორის ნაწილი გახდება. პროექტი რუსეთსა და კასპიის რეგიონის ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის, ასევე ჩრდილოეთ და დასავლეთ ევროპას და კავკასიის, სპარსეთის ყურის და სამხრეთ აზიის ქვეყნებთან სატრანზიტო კომუნიკაციების ორგანიზების მიზნით დაიწყო.

რაისიმ ამ შეთანხმებას თეირანისა და მოსკოვის თანამშრომლობაში „დიდი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი“ უწოდა. მან აღნიშნა, რომ ეს დერეფანი რეგიონის ყველა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე იმუშავებს. მან ასევე განაცხადა, რომ ინფრასტრუქტურის გაფართოებასთან დაკავშირებით პორტებში გამტარუნარიანობის გაზრდაა აუცილებელი.

რაისის თქმით, შემდგომში ირანსა და ერაყს შორის სარკინიგზო ინფრასტრუქტურის გაძლიერებაა შესაძლებელი.

პუტინმა პროექტს რეგიონისთვის - გლობალური სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისთვის და რუსეთისა და ირანისთვის, დიდი მოვლენა უწოდა.

შეგახსენებთ, რომ სარკინიგზო მაგისტრალი „სამხრეთ-ჩრდილოეთი“ რუსეთს კასპიის აუზის, სპარსეთის ყურის, ცენტრალურ, სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებთან აკავშირებს.