სამშაბათს, 18 თებერვალს, კრემლმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ უკრაინას აქვს „სუვერენული უფლება“, თავად გადაწყვიტოს, გაწევრიანდეს თუ არა ევროკავშირში და მოსკოვი არ აპირებს, უკარნახოს კიევს, როგორ მიუდგეს ამ საკითხს. თუმცა, ნატო-ში უკრაინის შესაძლო შესვლის საკითხზე მოსკოვის პოზიცია „სრულიად განსხვავებულია“.
„ეს არის ნებისმიერი ქვეყნის სუვერენული უფლება“, - ასე უპასუხა კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა კითხვას, შეუძლია თუ არა უკრაინას ოდესმე ევროკავშირში გაწევრიანება.
„ევროკავშირში გაწევრიანების შემთხვევაში, საუბარია ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესებზე. აქ, რა თქმა უნდა, რომელიმე ქვეყანას ვერავინ ვერაფერს უკარნახებს. ამას არც ჩვენ ვაპირებთ“, - განაცხადა მან.
თუმცა, პესკოვმა იქვე განმარტა, რომ მოსკოვის პოზიცია სრულიად განსხვავებულია, როდესაც საქმე სამხედრო ალიანსებში უკრაინის შესვლას ეხება. „უსაფრთხოებასთან, თავდაცვასთან ან სამხედრო ალიანსებთან დაკავშირებულ საკითხებზე, ჩვენი მიდგომა, რა თქმა უნდა, სრულიად განსხვავებულია და ეს ყველასთვის კარგად არის ცნობილი“, - განაცხადა კრემლის სპიკერმა.
იმავე დღეს, როდესაც რუსეთისა და შეერთებული შტატების წარმომადგენლები ერ-რიადში თავიანთი ურთიერთობებისა და უკრაინაში ომის დასრულების ვარიანტების განსახილველად შეიკრიბნენ, დიმიტრი პესკოვმა გაიმეორა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, „საჭიროების შემთხვევაში“, მზად არის, უკრაინელ კოლეგასთან გამართოს მოლაპარაკება.
„პუტინს არაერთხელ უთქვამს, რომ მზად არის, მშვიდობაზე ისაუბროს. რა თქმა უნდა, გვირჩევნია, ჩვენს მიზნებს მშვიდობიანად მივაღწიოთ“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.
„პუტინმა თვითონ თქვა, რომ საჭიროების შემთხვევაში, მზადაა ვლადიმირ ზელენსკისთან გამართოს მოლაპარაკება, მაგრამ შეთანხმებების სამართლებრივი ჩარჩოს განხილვა რეალობის გათვალისწინებით უნდა მოხდეს“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა.
დიმიტრი პესკოვმა ყურადღება უკრაინის ლიდერის „ლეგიტიმურობის“ ნაკლებობაზეც გაამახვილა იმ კონტექსტში, რომ ვლადიმირ ზელინსკის უფლებამოსილება, ოფიციალურად, 2024 წლის მაისში ამოიწურა. თუმცა, უკრაინაში 2022 წლის თებერვლიდან გამოცხადებული საომარი მდგომარეობა არჩევნების ჩატარებას გამორიცხავს.
„უსაფრთხოების საკითხები“ ევროპაში
ერ-რიადში მიმდინარე შეხვედრასთან დაკავშირებით, პესკოვმა თქვა, რომ მოსკოვი ჯერ ვერ შეაფასებს შეერთებულ შტატებთან გამართულ მოლაპარაკებებს, რადგან „ისინი მხოლოდ ახლა დაიწყო“.
კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი პირადად შეხვდეს თავის ამერიკელ კოლეგას, სპიკერმა უპასუხა, რომ „ამ საკითხში უფრო მეტი სიცხადე, შესაძლოა, დღევანდელმა მოლაპარაკებებმა შეიტანოს“.
დიმიტრი პესკოვმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინის საკითხზე გადაწყვეტის მიღება ევროპაში უსაფრთხოების საკითხების დეტალურად განხილვის გარეშე „შეუძლებელია“.
„კონტინენტზე უსაფრთხოების საკითხების ყოვლისმომცველი ანალიზის გარეშე გრძელვადიანი, სიცოცხლისუნარიანი შეთანხმების მიღწევა ვერ მოხდება“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს.
პესკოვის ამ განცხადებებამდე ერთი დღით ადრე, რამდენიმე ევროპელი ლიდერი პარიზში საგანგებო სამიტზე შეკრიბა, სადაც ისინი შეთანხმდნენ, რომ გაზარდონ ინვესტიციები თავდაცვის სფეროში და უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფაში მთავარი როლი თავის თავზე აიღონ.
წყარო: 1tv.ge