ვაშინგტონში მცხოვრები რუსების საინიციატივო ჯგუფი 3 მაისს აშშ-ს დედაქალაქში, პირველად ბოლო წლებში, „უკვდავი პოლკის“ მარშის გამართვას გეგმავს, რომელიც დიდი სამამულო ომის დასრულების 80 წლის იუბილეს ეძღვნება.
უკრაინული „უკრინფორმის“ ცნობით, ეს ინფორმაცია მარშის ორგანიზატორებმა, ბუკლეტების საშუალებით, აშშ-ში მცხოვრებ რუსულენოვან ჯგუფებს შორის გაავრცელეს.
ღონისძიების დაწყება, ადგილობრივი დროით 15:30 საათზე, ლაფაიეტის მოედანზე იგეგმება, რომელიც თეთრი სახლის კომპლექსის გვერდით მდებარეობს. აქედან მსვლელობა პენსილვანიის გამზირის გასწვრივ, მეორე მსოფლიო ომის მემორიალამდე გაგრძელდება.
„ჩვენ მარშირებას მოვაწყობთ სიმღერით, ორკესტრის და ჩვენი გმირების პორტრეტების თანხლებით“, - ნათქვამია ბუკლეტში, რომელიც საბჭოთა სიმბოლოებითა და წმინდა გიორგის ლენტით არის მორთული. 2014 წლიდან ეს ლენტა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის სიმბოლოს წარმოადგენს.
„მცირე კონცერტი“ ასევე დაგეგმილია მეორე მსოფლიო ომის მემორიალთან.
მსგავსი ღონისძიებები მუნიციპალური ხელისუფლების მხრიდან ნებართვას საჭიროებს. მსვლელობის ორგანიზატორების თქმით, ასეთი ნებართვა მათ უკვე მიიღეს. თუმცა, ვაშინგტონის პოლიციის დეპარტამენტის პრეს-სამსახურს ამ ინფორმაციის ნამდვილობა ოფიციალურად ჯერ არ დაუდასტურებია.
წყარო: 1 არხი