ანექსირებული ყირიმის საოკუპაციო ხელისუფლებამ უკრაინელების 100-მდე უძრავი ქონების გაყიდვა დააანონსა.
როგორც ყირიმის სახელმწიფო საბჭოს ეგრეთ წოდებულმა სპიკერმა ვლადიმირ კონსტანტინოვმა Telegram-ზე დაწერა, ყირიმში უკვე ჩატარდა რვა აუქციონი მოპარული უკრაინული უძრავი ქონების გასაყიდად და დაიდო 815 მილიონ რუბლზე მეტი ღირებულების კონტრაქტები.
„უახლოეს მომავალში იგეგმება ნაციონალიზებული ქონების 100-მდე ობიექტის გაყიდვა. ეს არის საცხოვრებელი ფართი, მათ შორის ზელენსკის წყვილის ბინა, სანატორიუმი და საკურორტო ობიექტები, საცალო და კომერციული ფართები. მათი გაყიდვიდან რესპუბლიკის ბიუჯეტში 800 მილიონ რუბლზე მეტი შემოსავალია დაგეგმილი.“ - აღნიშნა კონსტანტინოვმა.
უძრავი ქონების მდგომარეობა ანექსირებულ ყირიმში
2023 წლის მაისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსები აძლიერებდნენ ტერორს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგ. იალტაში რუსეთის მოქალაქეობის გარეშე მცხოვრებლებს უძრავ ქონებას ართმევენ.
2023 წლის 2 ივნისს ეროვნული წინააღმდეგობის ცენტრმა გამოაცხადა, რომ რუსებმა დაიწყეს დროებით ოკუპირებული ყირიმის მცხოვრებლების ქონების ჩამორთმევა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ე.წ. „ადმინისტრაციამ“ ასეთი ზომების გატარება დაიწყო უკრაინის მოქალაქეების მიმართ, რომლებმაც არ აიღეს რუსული პასპორტი. უკრაინული მედიის ცნობით, ჩამორთმეულ შენობებში საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებს და უკრაინის სამხრეთიდან გაქცეულ კოლაბორანტებს ასახლებენ.