გლობალური ენერგეტიკული სისტემა სწრაფად იცვლება, თუმცა ელექტროენერგიის წარმოებაში ლიდერის პოზიციას კვლავ ქვანახშირი ინარჩუნებს. 2025 წლის მონაცემებით, მსოფლიოში წარმოებული ელექტროენერგიის დაახლოებით მესამედი სწორედ ქვანახშირზე მოდის, რაც მას ყველაზე დიდ ენერგიის წყაროდ აქცევს.
კვლევის მიხედვით, რომელიც Ember-ის მონაცემებს ეფუძნება, 2025 წელს მსოფლიოში ჯამში 31,779 ტერავატსაათი ელექტროენერგია გამომუშავდა. მიუხედავად იმისა, რომ მზისა და ქარისგან ენერგიის გამომუშავების მაჩვენებელი სწრაფად იზრდება, გლობალური ენერგეტიკული სისტემა კვლავ დიდწილად ტრადიციულ, წიაღისეულ საწვავებს ეყრდნობა.
2025 წელს ელექტროენერგიის წარმოების 57% წიაღისეულ საწვავებზე მოდის. როგორც აღვნიშნეთ, ამ მხრივ ქვანახშირი და მასზე ელექტროენერგიის წარმოების 33% მოდის, რაც ნებისმიერი სხვა ცალკეული ენერგიის წყაროს წილს მნიშვნელოვნად აღემატება.
მიუხედავად ამისა, სუფთა ენერგიის წყაროები პოზიციებს სწრაფად იმყარებს. 2025 წელს მთლიანობაში განახლებადმა ენერგიამ ელექტროენერგიის 43% უზრუნველყო. მათ შორის ჰიდროენერგია კვლავ ყველაზე დიდი სეგმენტია (14%), თუმცა მისი ზრდა ბევრ რეგიონში შენელებულია. აქვე აღსანიშნავია, რომ მზის ენერგიამ (8.7%) პირველად გადაასწრო ქარის ენერგიას (8.5%). სხვა განახლებადი წყაროები, როგორიცაა ბიომასა და გეოთერმული ენერგია, შედარებით მცირე, მაგრამ სტაბილურ წილს ინარჩუნებს.
ამ ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში, ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ მომავალ ათწლეულებში მზისა და ქარის ენერგია ქვანახშირს გადაასწრებს, რაც გლობალური ენერგეტიკისთვის შეიძლება გარდამტეხ მომენტად იქცეს.
ელექტროენერგიის წარმოებაში ბირთვული ენერგია კვლავ მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მან 2025 წელს გლობალური ელექტროენერგიის დაახლოებით 9% უზრუნველყო. ბირთვული ენერგიის მთავარი უპირატესობა სტაბილურობაა.