უნგრეთმა უკრაინულ ბანკს ჩამორთმეული თანხა და ძვირფასეულობა დაუბრუნა , - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უნგრეთს „კონსტრუქციული და ცივილიზებული ნაბიჯისთვის“ მადლობა გადაუხადა.

„მნიშვნელოვანი ნაბიჯი უნგრეთთან ურთიერთობებში. დღეს დაბრუნდა თანხები და ძვირფასეულობა, რომელიც მარტში უნგრეთის სპეცსამსახურებმა „ოსჩადბანკს“ ჩამოართვეს. მაშინ უნგრულმა მხარემ უკანონოდ დააკავა უკრაინელი ინკასატორები. ჩვენი ხალხი უფრო სწრაფად დავაბრუნეთ და ახლა როგორც თანხა, ასევე ძვირფასეულობაც უკრაინის ტერიტორიაზეა“, - წერს ზელენსკი X-ზე.

ცნობისთვის, მარტის თვის დასაწყისში უნგრეთმა ბუდაპეშტში უკრაინული „ოსჩადბანკის“ თანამშრომლები დააკავა. ბანკის თანამშრომლებს ავსტრიიდან უკრაინაში საბანკო თანამშრომლობის ფარგლებში საინკასაციო ავტომობილით თანხა და ძვირფასეულობა გადაჰქონდათ.

მაშინ უნგრეთის მთავრობამ განაცხადა, რომ დაკავებულებს უკრაინაში უნგრეთის გავლით 40 მილიონი დოლარი, 35 მილიონი ევრო და 9 კილოგრამი ოქრო გადაჰქონდათ და უნგრეთის საგადასახადო და საბაჟო სამსახური ფულის გათეთრების საქმეს იძიებდა.

მოგვიანებით, უნგრეთმა დაკავებული თანამშრომლები გაათავისუფლა.

 ipn.ge