პირველი მაისიდან საქართველოში საგზაო მოძრაობის წესებთან დაკავშირებული რიგი საკანონმდებლო ცვლილებები ამოქმედდა. უფრო კონკრეტულად, გაიზარდა სანქციები მათ შორის ისეთ დარღვევებზე, როგორიცაა ღვედის გამოუყენებლობა და სიჩქარის გადაჭარბება.
„რადიო კომერსანტის თემის“ ეთერში საუბრისას „ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის” ხელმძღვანელმა დავით მესხიშვილმა განაცხადა, რომ მხოლოდ ჯარიმების მოცულობის გაზრდა საგზაო უსაფრთხოების დონეს ვერ გააუმჯობესებს. მისივე თქმით, აუცილებელია კანონის აღსრულების სხვა მექანიზმების დანერგვა, მაგალითისთვის, სიჩქარის გადაჭარბებზე მძღოლებისთვის მინიჭებული ქულების დაკლება, ასევე საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება.
„ჯარიმების გაზრდას შეიძლება ჰქონდეს მყისიერი რეაქცია. ამ დროს შეიძლება მძღოლი შეშინდეს, რომ დაჯარიმდება და ამიტომ დაიცავს საგზაო მოძრაობის წესებს, მაგრამ მხოლოდ ჯარიმებით ავტოსაგზაო შემთხვევების მდგომარეობის გამოსწორება არ ხდება, რადგან მძღოლები ყოველთვის პოულობენ გამოსავალს. ამიტომ, საჭიროა, კანონის აღსრულების სხვა მექანიზმების დანერგვა. მაგალითად, როცა სიჩქარის გადაჭარბებაზე ვსაუბრობთ, მარტო ჯარიმების გაზრდამ, როდესაც ქულები არ გაკლდება რა შედეგი უნდა მოგვიტანოს. ადამიანები, ვისაც ფული აქვთ უბრალოდ ყიდულობენ ამ დარღვევას და რამდენჯერაც უნდა გადააჭარბებს სიჩქარეს. ქულათა სისტემის მთავარი პრინციპი იყო, რომ ფინანსურად შეჭირვებული და ფინანსურად შეძლებული ადამიანები კანონის წინაშე გათანაბრებულიყვნენ.
მდგომარეობა გამოსწორდებოდა იმ შემთხვევაში, როდესაც სიჩქარის გადაჭარბებაზე მძღოლს ქულები დააკლდებოდა. ამ დროს ფინანსურად შეძლებულ ადამიანსაც ექნებოდა რიდი კანონის წინაშე“. - აცხადებს დავით მესხიშვილი.