სასაუბრო ბევრია – მაგიდასთანაც და მაგიდამდეც. მითუმეტეს ახლა, როდესაც რუსეთ – უკრაინის ომის დასასრულის პირველი ხელშესახები ნიშნები გაჩნდა. ზოგიერთი ეს ნიშანი აშფოთებთ ევროპელებს, რადგან თვლიან, რომ უკრაინაზე არც უკრაინის გარეშე  უნდა საუბრობდეს ვინმე და არც ევროპის.

“თუკი პუტინს რეალურად სურს მოლაპარაკებების დაწყება, და ბოლო სამი წლის  გამოცდილება ამის ეჭვებს გვიჩენს, მაშინ მან ბრძოლის ველზე დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედოს და შეწყვიტოს უკრაინის განადგურება.  სამწუხაროა და ვიტყოდი სიმართლეცაა, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ საჯარო დათმობა უკვე გააკეთა პუტინთან მოლაპარაკებების დაწყებამდე. ჩემი აზრით უკეთესი იქნებოდა თუკი უკრაინის ნატოში შესაძლო გაწევრებასა ან ქვეყნის ტერიტორიის შესაძლო დაკარგვასთან დაკავშირებით საუბარი მოლაპარაკებების მაგიდასთან იქნებოდა და არა მის დაწყებამდე “, – აღნიშნა, გერმანიის თავდაცვის მინისტრი, ბორის პისტორიუსი და ამ ხედვაში ბორის პისტორიუსი მარტო არ არის.

ევროპაში ბევრი იზიარებს მოსაზრებას, რომ მთავარი წინადადებების მოლაპარაკებებიდან ამოღება საუკეთესო ტაქტიკა ვერ იქნება.

“პრეზიდენტი ტრამპი ამბობს,რომ ადამიანების მკვლელობა უნდა მორჩეს.პუტინს შეუძლია შეაჩეროს მკვლელობა უკრაინის დაბომბვის შეჩერებით.ეს განხორციელებადია, თუ ამის ნება არსებობს. ნათელია,რომ ნებისმიერი შეთანხმება ჩვენს ზურგს უკან არ იმუშავებს. ნებისმიერი შეთანხმების ნაწილი უნდა იყოს უკრაინა და ევროპა. უკრაინა გააგრძელებს წინააღმდეგობის გაწევა, ევროპა კი უკრაინის დახმარებას. ეს ნათელია.ნებისმიერი სწრაფი მოგვარების მცდელობა ბინძური შეთანხმებაა და მარცხისათვისაა განწირული, ეს მინსკში უკვე ვნახეთ -ჩვენ არ უნდა ავიღოთ მოლაპარაკებების მაგიდიდან არაფერი მოლაპარაკებებამდე – ეს რუსეთის სასარგებლოდ მოქმედებს  და ისაა რაც მათ სურთ. რატომ ვაძლევთ მათ ყველაფერს რაც სურთ მოლაპარაკებების დაწყებამდე? ეს ხომ ვერ იმუშავებს”, – აღნიშნა უკვე ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში.

ამ განცხადებებს წინ უძღოდა პიტ ჰეგსეთის კომენტარები. ამერიკის თავდაცვის მდივანმა თქვა, რომ უკრაინას 2014 წლამდე არსებულ სტატუს-კვოს დაბრუნებაზე პრეტენზია ვერ ექნება, ევროპელებს კი საკუთარი კონტინენტის დაცვაში ამერიკის იმედი.

ამას გარდა ვაშინგტონში ამბობენ, რომ ნატოში უკრაინის გაწევრიანება რეალისტური არ არის – და ამ ყველაფერს ამერიკაში უკრაინის ღალატად არ მიიჩნევენ. კიევში ვაშინგტონზე საუბრობენ, როგორც მეგობარზე, თუმცა კონკრეტული აქცენტებით.

“უკრაინა არ მიიღებს არანაირ შეთანხმებას, რომლის მოლაპარაკებებშიც უკრაინა არ იქნება ჩართული.მნიშვნელოვანია,რომ ყველაფერი პუტინის გეგმის მიხედვით არ წარიმართოს. რომლის მიხედვითაც,მას სურს გახადოს ეს მოლაპარაკებები ორმხრივი, მხოლოდ აშშ-სთან ერთად. უკრაინისთვის პრიორიტეტად რჩება უსაფრთხოების გარანტიები. ტრამპმა მითხრა,რომ პუტინს ომის დასრულება სურს,მე კი ვუთხარი,რომ პუტინს არ ვენდობი”, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის გამართული სატელეფონო საუბრისა და საუდის არაბეთში ჩანიშნული სავარაუდო შეხვედრის შემდეგ, მსოფლიოს რეაქციებს ყურადღებით აკვირდებიან კრემლში.

განსაკუთრებით აქტიურობს “მწვავე ფრაზების მინისტრი” – სერგეი ლავროვი,რომელიც ორი ბირთვული სახელმწიფოს ლიდერების თავაზიანობითაა აღფრთოვანებული.

“ტრამპსა და პუტინს შორის შემდგარი სატელეფონო ზარით გამოწვეული გაკვირვების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ჩანს რომ ყველაფერი რასაც უკრაინაში ზელენსკის ნაცისტური რეჟიმი ჩადის – დასავლეთისთვის მისაღები და საჭირო ფორმაა, რომ რუსეთს ასე უნდა ესაუბრონ . ამიტომაც დასავლეთში ბევრი,განსაკუთრებით კი ევროპელი ლიდერები გაქვავდნენ, როდესაც ელემენტარული, ნორმალური საუბარი შედგა ორ, კარგად აღზრდილ, თავაზიან ადამიანს შორის”, – ასე შეაფასა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.

მანამდე კრემლში ამბობდნენ,რომ ორი ქვეყნის ლიდერი საომარი მოქმედებების შეჩერების სურვილში თანხმდებოდნენ. თუმცა კრემლის სპიკერი განმარტავს, რომ პუტინს სურს, მისი თავდაპირველი მიზნები შესრულდეს.

უცნობია, ეხება ეს მხოლოდ ნატოს გაფართოებაზე მოსკოვის პრეტენზიებს თუ გამოგონილ ბრძოლას ნაციზმთან, რაც ომის დაწყების პირველ თვეებში მოსკოვის მთავარი ნარატივი იყო.

ბევრი ფიქრობს, რომ უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულის დასაწყისი სახეზეა, თუმცა რის ფასად და რა პირობებით ? – უახლოვეს დღეებში უნდა გამოიკვეთოს.

წყარო: euronews georgia