ჯანმო-ს წევრმა არაერთმა ქვეყანამ წითელასგან თავისუფალი ქვეყნის სტატუსი დაკარგა. მიზეზი სკეპტიკური მოსაზრებების გამო ვაქცინაციაზე დაბალი მიმართვიანობა და დაავადების შემთხვევების ზრდაა. თემაზე სიუჟეტი საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მოამზადა. სიუჟეტის თანახმად, საქართველო ამ ეტაპზე სტაბილური ქვეყნის სტატუსს ინარჩუნებს, თუმცა იმუნიზაციის მხრივ სახარბიელო ვითარება არც ჩვენს ქვეყანაშია, რის გამოც ექიმები საქართველოს სტატუსის გაუარესებასაც არ გამორიცხავენ. მედიკოსები გამოსავალს დროულ ვაქცინაციაში ხედავენ.
წითელასგან თავისუფალი ქვეყნის სტატუსს სახელმწიფო იღებს იმ შემთხვევაში, თუ უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში ქვეყნის შიგნით ინფექციის გადაცემის ჯაჭვი გაწყვეტილია. შესაბამისად, ამ სტატუსს კარგავს, თუ წითელას გადაცემა ქვეყნის შიგნით ერთი წლის განმავლობაში უწყვეტად გრძელდება. სწორედ ამიტომ დაკარგეს ეს სტატუსი სომხეთმა, აზერბაიჯანმა, ავსტრიამ, ესპანეთმა, გაერთიანებულმა სამეფომ და უზბეკეთმა, სადაც ბოლო წლებში ინფექციის შემთხვევები მკვეთრად გაიზარდა. ეს კი, თავის მხრივ, აცრების ჩავარდნის შედეგია. რაც შეეხება საქართველოს, მას აქვს იმ ქვეყნის სტატუსი, სადაც წითელას გავრცელება ენდემური ანუ ადგილობრივია და ის მართვადია. როგორც სპეციალისტები ამბობენ, ბოლო წლებში ამ კუთხით მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა შემთხვევები ჩვენს ქვეყანაშიც მომატებულია.
ინფექციური საავადმყოფოს სტაციონარული დეპარტამენტის მიმართულების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის შეფასებით, საქართველოში აცრის მიმართ მოქალაქეების დაინტერესება დაბალია და ვაქცინირებული მოსახლეობის მოცვა 95 %-ს ვერ აღწევს. შესაბამისად, როგორც მან საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბარში განმარტა, არსებობს რისკი, რომ მომდევნო წლებში წითელას შემთხვევებმა მოიმატოს. ეს რომ არ მოხდეს, მისი განმარტებით, თავად მოსახლეობამ უნდა იაქტიუროს და ვაქცინაციის კაბინეტებს მიმართოს.
ციციშვილის კლინიკის ხელმძღვანელის მაია ჩხაიძის თქმით, კოვიდპანდემიის დროს გეგმიური ვაქცინაცია ჩავარდა, და ამ ორმა წელმა ვაქცინაციის პროცესს ქვეყანაში ძალიან დიდი დაასვა. სწორედ ესაა მიზეზი, რომ წითელაზე აცრების მაჩვენებელი სათანადო არაა.
ეს კი იმ ფონზე ხდება, როცა აცრა სრულიად უფასო და ყველა ამცრელ დაწესებულებაშია ხელმისაწვდომი. ვაქცინაცია ზრდასრულებსაც შეუძლიათ იმ შემთხვევაში, თუ მათ ვაქცინაცია არ აქვთ, არასრულად აქვთ ჩატარებული ან, უბრალოდ, არ ახსოვთ, არიან თუ არა აცრილები.