უკრაინელებს შორის მუდმივად მცირდება იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც თავისი ქვეყნის მომავლის მიმართ ოპტიმისტურად არის განწყობილი. თუ 2022 წლის ბოლოს 88 პროცენტს სჯეროდა, რომ 10 წელიწადში უკრაინა ევროკავშირის ერთ-ერთი აყვავებული ქვეყანა იქნებოდა, 2023 წლის დეკემბრისთვის მათი წილი 73%-მდე შემცირდა, ხოლო 2024 წლის დეკემბრისთვის - 57%-მდე. ამასთან, 5-დან 28%-მდე გაიზარდა მათი რაოდენობა, ვინც მიიჩნევს, რომ მომავალში უკრაინას დანგრეული ეკონომიკა ექნება.

ასეთია კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის (KMIS) მიერ 2024 წლის 2-17 დეკემბერს ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები.

„მიუხედავად იმისა, რომ ოპტიმისტების წილი გასული წლის განმავლობაში 16 პროცენტული პუნქტით შემცირდა, ყველა მათგანი პესიმისტი არ გახდა - იმედგადაწურულების წილი მხოლოდ 9 პროცენტული პუნქტით გაიზარდა. ანუ, უკრაინელების მნიშვნელოვანი ნაწილი, უფრო მეტად, დიდ გაურკვევლობაშია“, - აცხადებს კვლევითი დაწესებულება.

მკვლევარები ასევე ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ შედეგების გაანალიზებისას, დინამიკის გარდა, აუცილებელია რეალური მიმდინარე მაჩვენებლების გათვალისწინება.

„რთული წლისა და მისი მძიმედ დასრულების მიუხედავად, უკრაინელების უმრავლესობა (57%), ზოგადად, ოპტიმისტურად არის განწყობილი ქვეყნის მომავლის მიმართ. პესიმისტების წილი კი, მართალია, მნიშვნელოვანია (28%), მაგრამ მაინც საგრძნობლად ნაკლებია ოპტიმისტების რაოდენობაზე“, - მიიჩნევს კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტი.

Kyiv International Institute of Sociology

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის აღმოსავლეთსა და სამხრეთში განწყობა გარკვეულწილად პესიმისტურია, საერთო სურათი რეგიონებში მაინც, მნიშვნელოვანწილად, ერთნაირია და ოპტიმიზმის კლების ტენდენცია ყველა რეგიონში თანაბრად შეინიშნება. ანუ, ყველა რეგიონში, დაახლოებით ნახევარზე ცოტა მეტი უკრაინელი თავისი ქვეყნის მომავლის მიმართ ოპტიმისტურად განწყობილი რჩება.

Kyiv International Institute of Sociology

2024 წლის 2 დეკემბრიდან 17 დეკემბრის ჩათვლით, კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტმა (KMIS) ჩაატარა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა „ომნიბუსი“, რომელსაც, საკუთარი ინიციატივით, უკრაინის მომავალთან დაკავშირებით ოპტიმისტური/პესიმისტური განწყობების და უკრაინელების ერთიანობის კვლევის საკითხი დაამატა. უკრაინის ყველა რეგიონში 18 წლის და უფროსი ასაკის 985 რესპონდენტი ტელეფონის ნომრების შემთხვევითი შერჩევის მეთოდით დადგინდა და გამოიკითხა. კვლევაში არ მონაწილეობდნენ უკრაინის ხელისუფლების მიერ დროებით უკონტროლო ტერიტორიების მცხოვრებლები, ასევე მოქალაქეები, რომლებმაც ქვეყანა 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ დატოვეს.

წყარო: 1 arxi