რომის კათოლიკური ეკლესია პაპ ფრანცისკეს გარდაცვალებას გლოვობს, რომელიც 2025 წლის 21 აპრილს გარდაიცვალა, ხოლო 26 აპრილს დაკრძალეს. პაპი საზოგადოებამ ბოლოს 20 აპრილს იხილა, როდესაც მან წმინდა პეტრეს ბაზილიკის აივნიდან ტრადიციულად საზოგადოებას მიმართა და სააღდგომო კურთხევა წარმოთქვა.

პაპის გარდაცვალების შემდეგ, საზოგადოება და სხვადასხვა მედია გამოცემა დაინტერესებულია, თუ რა ქონებას ფლობდა რომის 266-ე პაპი.

პაპ ფრანცისკე სიცოცხლეშივე ცნობილი იყო თავისი მოკრძალებული ცხოვრების წესითა და მატერიალური სიმდიდრისადმი უარყოფითი დამოკიდებულებით.

სხვადასხვა წყაროს, მათ შორის Hello! და Marca-ს ინფორმაციით, მისი პირადი ქონება დაახლოებით £16 მილიონს (დაახლოებით $20 მილიონი) შეადგენდა. ქონებაში შედიოდა პაპის თანამდებობასთან დაკავშირებული აქტივები, როგორიცაა ავტომობილები, საცხოვრებელი ადგილი და სამოსი.

საინფორმაციო სააგენტო realestate-ის ინფორმაციით, ფრანცისკეს ოფიციალური ხელფასი წლიურად £384,000-ს (დაახლოებით $801,000) შეადგენდა, თუმცა ცნობილია, რომ მან უარი თქვა ამ თანხის პირად მოხმარებაზე და იგი საქველმოქმედო ფონდებში გადარიცხა. ხოლო, მის ძირითად საჭიროებებს, როგორიცაა ცხოვრების ხარჯები, საკვები, ტანსაცმელი და მოგზაურობა, ვატიკანი იხდიდა.

სიცოცხლის ბოლომდე, პაპი ფრანცისკე ცხოვრობდა ვატიკანის სტუმართა სახლში, Casa Santa Marta-ში და არა პაპის ოფიციალურ სასახლეში. იგი ხშირად სტუმრობდა ადგილობრივ მაღაზიებს და იყენებდა უბრალო სამოსს, რითაც კიდევ ერთხელ უსვამდა ხაზს სულიერი ღირებულებებისადმი ერთგულებას.

ფრანცისკემ არ დატოვა პირადი ქონება, რომელიც საჭიროებდა მემკვიდრეობის გადანაწილებას. მისი ძირითადი აქტივები დაკავშირებული იყო პაპის სტატუსთან და ვატიკანს ეკუთვნოდა. Celebrity Net Worth-ის თანახმად, მისი წმინდა ქონება მისი გარდაცვალების დროს, მხოლოდ 100 ფუნტ სტერლინგს (208 აშშ დოლარი) შეადგენდა.

შეგახსენებთ, რომ პაპი ფრანცისკე, პაპობამდე ხორხე მარიო ბერგოლიო, დაიბადა არგენტინის დედაქალაქ ბუენოს-აირესში. 2013 წელს ის აირჩიეს რომის კათოლიკური ეკლესიის 266-ე პაპად, რითაც გახდა პირველი ლათინოამერიკელი, პირველი იეზუიტი და პირველი პონტიფექსი ბოლო ათასი წლის განმავლობაში, რომელიც დაიბადა ევროპის ფარგლებს გარეთ.

წყარო: bm.ge