მიუხედავად იმისა, რომ ტატუს მნიშვნელობა შეიძლება ერთი შეხედვითაც აშკარა იყოს, მისი ბიოლოგიური შედეგები გაცილებით ნაკლებად შესამჩნევია.

როგორც კი ტატუს მელანი სხეულში შევა, ის ადგილზე არ რჩება. ტატუს პიგმენტები იმუნურ სისტემასთან ისეთი გზებით ურთიერთქმედებენ, რომელთა გაგებასაც მეცნიერები ახლა იწყებენ.

ზოგადად, ტატუები უსაფრთხოდ მიიჩნევა, მაგრამ სულ უფრო მეტი სამეცნიერო მტკიცებულება მიუთითებს, რომ ტატუს მელანი ბიოლოგიურად ინერტული არ არის. მთავარი კითხვა უკვე ის კი აღარაა, შეჰყავს თუ არა ტატუს სხეულში უცხო ნივთიერებები, არამედ ის, რამდენად ტოქსიკური შეიძლება იყოს ეს ნივთიერებები და რას ნიშნავს ეს გრძელვადიანი ჯანმრთელობისთვის.

ტატუს მელანი კომპლექსური ქიმიური ნარევია. შეიცავს პიგმენტებს, რომლებიც მათ აძლევს ფერს, თხევად მატარებლებს, რომლებიც ხელს უწყობენ მელნის განაწილებას, დამცველ საშუალებებს, რომლებიც ხელს უშლიან მიკრობთა ზრდას და მცირე ოდენობით მინარევებს.

ამჟამად გამოყენებული მრავალი პიგმენტი თავდაპირველად სამრეწველო გამოყენებისთვის შეიქმნა, მაგალითად, მანქანის და პლასტმასის საღებავებად, პრინტერის ფერებად — და არა ადამიანის კანში შესაყვანად.

ზოგიერთი მელანი შეიცავს მძიმე ლითონების კვალს, მათ შორის, ნიკელს, ქრომს, კობალტს და იშვიათად ტყვიას. გარკვეულ დონეზე, მძიმე ლითონები შეიძლება ტოქსიკური იყოს და კარგადაა ცნობილი, რომ იწვევენ ალერგიულ რეაქციებს და იმუნურ მგრძნობელობას.

ტატუს მელანი ასევე შეიძლება შეიცავდეს ორგანულ ნაერთებს, მათ შორის, აზოსაღებავებსა და პოლიციკლურ ატომატულ ნახშირწყალბადებს.

აზოსაღებავები სინთეტიკური საღებავებია, რომლებსაც ფართოდ იყენებენ ტექსტილსა და პლასტმასებში. გარკვეულ გარემო პირობებში, როგორიცაა მზის სინათლის ხანგრძლივი ზემოქმედების ან ლაზერით ტატუს მოცილებისას, იშლებიან არომატულ ამინებად. ეს ქიმიური ნივთიერებები ლაბორატორიულ კვლებევში დაკავშირებულია კიბოსთან და გენეტიკურ დაზიანებასთან.

პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადები (PAH) იწარმოება ორგანული მასალების არასრული დაწვის შედეგად და გვხვდება ჭვარტლში, მანქანის გამონაბოლქვში და დამწვარ საკვებში.

ტატუს შავი მელანი ძირითადად ნახშირბადის შავი ფერისგან მზადდება და შეიძლება შეიცავდეს ამ ნაერთებს, რომელთაგან ზოგიერთი კლასიფიცირებულია კანცეროგენად.

ფერადი მელნები, განსაკუთრებით წითელი, ყვითელი და ნარინჯისფერი, უფრო ხშირად არის დაკავშირებული ალერგიულ რეაქციებთან და ქრონიკულ ანთებასთან. ამის მიზეზი ნაწილობრივ არის ლითონის მარილები და აზოპიგმენტები, რომლებიც შეიძლება დეგრადირდეს პოტენციურად ტოქსიკურ არომატულ ამინებად.

ტატუირება გულისხმობს მელნის შეყვანას ღრმად, დერმაში — კანის ზედაპირქვეშა ფენაში. სხეული პიგმენტის ნაწილაკებს უცხო მასალად აღიქვამს. იმუნური უჯრედები მათ მოცილებას ცდილობენ, მაგრამ ეს ნაწილაკები ზედმეტად დიდია და ბოლომდე მოცილება შეუძლებელია. ამის ნაცვლად, ისინი კანის უჯრედებში იჭედებიან და სწორედ ამიტომ ხდება ტატუ სამუდამო.

ტატუს მელანი მხოლოდ კანით არ შემოიფარგლება. კვლევები აჩვენებს, რომ პიგმენტის ნაწილაკებს შეუძლია ლიმფურ სისტემაში გადასვლა და ლიმფურ კვანძებში აკუმულირება.

ლიმფური კვანძები არის პატარა სტრუქტურები, რომლებიც იმუნურ უჯრედებს ფილტრავს და იმუნურ რეაქციებს კოორდინაციაში ეხმარება. ამ ქსოვილებში მელნის აკუმულირების გრძელვადიანი ეფექტები უცნობია, მაგრამ მათი ცენტრალური როლი იმუნურ თავდაცვაში, შეშფოთებას იწვევს ლითონებისა და ორგანული ტოქსინების ხანგრძლივი ზემოქმედების გამო.

ტატუები და იმუნური სისტემა

ბოლო პერიოდში ჩატარებული კვლევა მიუთითებს, რომ ფართოდ გამოყენებულ ტატუს მელნები გავლენას ახდენს იმუნურ აქტივობაზე, იწვევს ანთებას და ამცირებს გარკვეულ ვაქცინათა ეფექტიანობას.

მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ტატუს მელანს კანის იმუნური უჯრედები შთანთქავენ. როცა ეს უჯრედები კვდებიან, გამოყოფენ სიგნალებს, რომლებიც იმუნურ სისტემას ააქტიურებს და განაპირობებს მიმდებარე ლიმფურ კვანძებში ანთებას თითქმის ორი თვის განმავლობაში.

კვლევა ასევე აჩვენებს, რომ ვაქცინის ინექციის ადგილას არსებულმა ტატუს მელანმა ვაქცინა-სპეციფიკური გზით შეცვალა იმუნური პასუხები. კერძოდ, დაკავშირებული იყო COVID-19-ის ვაქცინისადმი შესუსტებულ იმუნურ პასუხთან. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ტატუები ვაქცინას სახიფათოდ აქცევს.

უფრო მიუთითებს იმას, რომ ტატუს პიგმენტებს შეუძლიათ იმუნური სიგნალიზაციის დარღვევა — ქიმიური კომუნიკაციის სისტემის, რომელსაც იმუნური უჯრედები გარკვეულ გარემო პირობებში ინფექციის ან ვაქცინისადმი პასუხების კოორდინირებისთვის იყენებენ.

ამ დროისათვის, არ არსებობს ტატუებსა და კიბოსა შორის კავშირის ძლიერი ეპიდემიოლოგიური პასუხი. თუმცა, პოტენციურ რისკებზე მიუთითებს ლაბორატორიული და ცხოველებზე ჩატარებული კვლევები. ტატუს ზოგიერთი პიგმენტი ან დროთა განმავლობაში დეგრადირდება, ან ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების ქვეშ და ლაზერით ტატუს მოშორებისას და წარმოქმნის ტოქსიკურ და ზოგჯერ კანცეროგენულ ქვეპროდუქტებს.

მრავალ კიბოს ჩამოყალიბებისთვის ათწლეულები სჭირდება, რის გამოც, ამ რისკების პირდაპირ შესწავლა რთულია, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ, როგორ გახშირდა ბოლო დროს ტატუირება.

ტატუების ყველაზე კარგად დოკუმენტირებული ჯანმრთელობის რისკებია ალერგიული და ანთებითი რეაქციები. გამუდმებულ ქავილთან, შესიებასთან და გრანულომებთან განსაკუთრებით დაკავშირებულია წითელი მელანი. გრანულომები პატარა ანთებითი კვანძებია, რომლებიც მაშინ წარმოიქმნება, როცა იმუნური სისტემა ცდილობს იმ მასალის იზოლირებას, რომლის მოშორებაც არ შეუძლია.

ეს რეაქციები შეიძლება ტატუს გაკეთებიდან თვეების ან წლების შემდეგ გამოჩნდეს და მიზეზი შეიძლება გახდეს მზის ზემოქმედება ან ცვლილებები იმუნურ ფუნქციაში. ქრონიკული ანთება დაკავშირებულია ქსოვილის დაზიანებასთან და დაავადების რისკის ზრდასთან. ავტოიმუნური დაავადების ან შესუსტებული იმუნური სისტემის მქონე ადამიანებისთვის ტატუები შეიძლება დამატებით საფრთხეს წარმოადგენდეს.

        ინფექციის რისკები

კანში შეღწევადი ყველა სხვა პროცედურის მსგავსად, ინფექციის გარკვეული რისკი ტატუირებასაც აქვს. ცუდმა ჰიგიენამ შეიძლება გამოიწვიოს ისეთი ინფექციები, როგორიც არის ოქროსფერი სტაფილაკოკი, B და C ჰეპატიტი და იშვიათ შემთხვევაში ატიპური მიკრობაქტერიული ინფექციები.

ტატუს ტოქსიკურობის შეფასების ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევაა თანმიმდევრული რეგულაციის არარსებობა. მრავალ ქვეყანაში, ტატუს მელანი გაცილებით ნაკლებად მკაცრად რეგულირდება, ვიდრე კოსმეტიკა ან სამედიცინო პროდუქტები, მწარმოებლებს შეიძლება არც მოეთხოვებოდეთ ინგრედიენტების სრული სიის ჩამოთვლა.

ევროკავშირმა ტატუს მელანში შემავალი სახიფათო ნივთიერებების მკაცრი შეზღუდვები შემოიღო, მაგრამ გლობალურად ზედამხედველობა არათანაბარია.

უმეტესი ადამიანისთვის ტატუ ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს არ იწვევს, მაგრამ რისკის გარეშე მაინც არ არის. ტატუებს სხეულში შეაქვთ ნივთიერებები, რომლებიც არასოდეს ყოფილა განკუთვნილი ადამიანის ქსოვილებში გრძელვადიანად დასარჩენად; ზოგიერთი მათგანი კი გარკვეულ გარემო პირობებში შეიძლება ტოქსიკური იყოს.

მთავარი საფრთხე კუმულაციური ექსპოზიციაა. რაც უფრო დიდი, მრავალრიცხოვანი და ფერადი ხდება ტატუ, მით უფრო იზრდება ქიმიური ნივთიერებების საერთო რაოდენობა. მზის ზემოქმედებასთან, ასაკთან, იმუნურ ცვლილებებთან და ლაზერით მოცილებასთან კომბინაციაში, ამ რაოდენობას შეიძლება ჰქონდეს შედეგები, რომლებიც მეცნიერებას ჯერ კიდევ ბოლომდე არ გამოუვლენია.

ტატუები თვითგამოხატვის ძლიერ ფორმად რჩება, მაგრამ ასევე წარმოადგენს ქიმიურ ზემოქმედებას მთელი ცხოვრების განმავლობაში. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამინდელი მტკიცებულებები არ მიუთითებს დიდ საფრთხეზე, სულ უფრო მეტი კვლევა წარმოაჩენს პასუხგაუცემელ კითხვებს მისი ტოქსიკურობის, იმუნური ეფექტებისა და გრძელვადიანი ჯანმრთელობის შესახებ.

მომზადებულია The Conversation-ის მიხედვით.

წყარო: პირველი არხი