„რა გააკეთე გასულ კვირას?“, - ამ შინაარსის ელექტრონულმა წერილმა ის გერმანელი სამოქალაქო თანამშრომლები შეაშფოთა, რომლებიც ბავარიაში განლაგებულ აშშ-ს სამხედრო ძალებში მუშაობენ. შეტყობინების უკან აშშ-ს მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტი დგას, რომელსაც ილონ მასკი ხელმძღვანელობს. არის თუ არა ეს საკანონმდებლო ნორმებიდან გადახვევა?
აშშ-ში სამთავრობო მოხელეებს ამჟამად უწევთ ანგარიშის ჩაბარება იმის შესახებ, თუ რას აკეთებენ სამსახურში. დონალდ ტრამპის ახალ მთავრობას სურს, მათი ახსნა-განმარტებები იმის გადასაწყვეტად გამოიყენოს, ვინ დარჩება სამსახურში და ვინ არა. ანალოგიური ელექტრონული წერილები ბავარიაში დისლოცირებული აშშ-ს შეიარაღებული ძალების გერმანელმა სამოქალაქო თანამშრომლებმაც მიიღეს.
„რა გააკეთე გასულ კვირას?“
„რა გააკეთე გასულ კვირას?“, - ეს არის კითხვა, რომელზე პასუხიც აშშ-ს მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტს აინტერესებს. ეს სააგენტო ტრამპის მრჩევლმა, ილონ მასკმა შექმნა. მის მოვალეობაში შედის სამთავრობო აპარატის უფრო ეფექტურად მუშაობის უზრუნველყოფა, მათ შორის - შტატების შემცირების გზით.
ასეთი ელექტრონული შეტყობინება აშშ-ს შეიარაღებული ძალების იმ გერმანელ თანამშრომლებსაც გაეგზავნათ, რომელებიც ბავარიაში მუშაობენ. ეს ინფორმაცია „ბავარიის რადიოს“ პროფკავშირების ორგანიზაცია „ვერდი ბაიერნმაც“ დაუდასტურა. „ფაქტობრივად, ეს იყო საეჭვო შინაარსის რამდენიმე ელექტრონული წერილი, რომელთაგან ზოგიერთი სამოქალაქო თანამშრომლებთანაც მოხვდა“, - განაცხადა „ვერდი ობერპლატცის“ წარმომადგენელმა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ბავარიაში განლაგებულმა აშშ-ს არმიამ გერმანული პროფკავშირებს განუმარტა, რომ ელექტრონული შეტყობინებები არასწორად იყო გაგზავნილი.
სამოქალაქო თანამშრომლებისთვის გაგზავნილი წერილები „შეცდომა“ არ არის?
თუმცა, გერმანელი სამოქალაქო თანამშრომლები შეტყობინებებს ისევ იღებენ. „ვერდის“ ინფორმაციით, ეს ცალკეული შემთხვევებია, თუმცა ელექტრონული წერილები თანამშრომლებს შორის მაინც დიდ გაურკვევლობას იწვევს. ბავარიაში დისლოცირებულ ამერიკის შეიარაღებულ ძალებში დაახლოებით 3 000-მდე გერმანელია დასაქმებული. აქედან 2 300 - გრაფენვერ/ვილსეკისა და ჰოჰენფელსის სამხედრო პოლიგონებზე, ხოლო დაახლოებით 400 - ანსბახ/ილესჰაიმის ამერიკულ ბაზაზე.
„ვერდი“: სამოქალაქო დასაქმებულებზე გერმანიის შრომის კანონმდებლობა ვრცელდება
„ვერდის“ განმარტებით, სამოქალაქო თანამშრომლები გერმანიის შრომის კანონმდებლობას ექვემდებარებიან. შესაბამისად, სამსახურიდან გათავისუფლების დროს ამოქმედდება დამცავი მექანიზმი, ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ხელშეკრულებები ვადიანი არ არის და ამ ვადის ამოწურვის შესახებ ადრესატს შეტყობინება არ გაიგზავნა. თუმცა, შრომითი ხელშეკრულებების უმეტესობა გერმანიაში უვადოა. ამიტომ, გათავისუფლებები, რომელმაც ამჟამად აშშ-ში მასობრივი ხასიათი მიიღო, გერმანიაში ასე მარტივად ვერ მოხდება.
წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი