მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დღეს, 11 ივლისს, აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უნგრეთის პრემიერმინისტრთან, ვიქტორ ორბანთან ფლორიდაში შეხვედრას გამართავს.

წინა კვირას ორბანი ვლადიმირ პუტინთან შესახვედრად მოსკოვში ჩავიდა, ხოლო მოგვიანებით მან პეკინში ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინფინგთან შეხვედრა გამართა.

გამოცემა Bloomberg-ის ინფორმაციით, ვაშინგტონში მიმდინარე NATO-ს სამიტის დასრულების შემდეგ, ორბანი ტრამპს მარ-ა-ლაგოს რეზორტზე ეწვევა.

Bloomberg-ის ცნობით, ერთ-ერთმა პირმა, რომელიც ორბანის ვიზიტის შესახებ ინფორმაციის ფლობს, განაცხადა, რომ რესპუბლიკელ კანდიდატ ტრამპს უნგრეთის პრემიერისთვის არ უთხოვია, რომ უკრაინა-რუსეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების შესახებ მოსამზადებელი სამუშაოები დაეწყო, არამედ, მისი თქმით, აღნიშნული შეხვედრა არაფორმალური შეკრების ხასიათის იქნება.

უნგრეთის მთავრობისა და ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის სპიკერებს აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ.