პუტინმა იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც კრემლს „არამეგობრულ“ სიაში არ ჰყავს შეყვანილი, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ზღვრულ ფასზე იაფად მიწოდება დაუშვა. ამის შესახებ პუტინის განკარგულებაში არის ნათქვამი, რომელიც იურიდიული ინფორმაციის ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნდა. განკარგულება ძალაში გამოქვეყნებისთანავე შევიდა.
ზღვრული ფასი დასავლეთის ქვეყნებმა 2022 წლის ბოლოს დააწესეს.
როგორც ცნობილია, „არამეგობრული“ ქვეყნების ჩამონათვალში არც საქართველო შედის, რომელიც კრემლის სიაში „ნეიტრალური“ სტატუსით სარგებლობს. ამდენდ, პუტინის ბრძანებულებით, ქვეყნებს, რომლებიც „არამეგობრულ“ სიაში არ შედიან, რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შესყიდვა ადრე დადებული ხელშეკრულებებით შეუძლიათ, თუნდაც ისინი ზღვრული ფასის მექანიზმის გამოყენებას ითვალწლინებდნენ.
2022 წლის დეკემბრის ბოლოს პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც კრძალავდა რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მიწოდებას კომპანიებსა და მოქალაქეებზე, თუ ხელშეკრულება ზღვრული ფასის გამოყენებას ითვალისწინებდა. ახალი ბრძანებულებით დეკემბრის დოკუმენტი იცვლება და ამ შეზღუდვას არბილებს. კერძოდ, აკრძალვა აღარ ვრცელდება „მოქმედ საერთაშორისო ხელშეკრულებებზე,“ თუკი სახელმწიფო „არამეგობრულთა“ სიაში არ შედის.
ცნობისათვის, რუსული ნავთობის საზღვაო მიწოდებაზე ზღვრული ფასი ევროკავშირმა, G7-ის ქვეყნებმა და ავსტრალიამ 2022 წლის 5 დეკემბერს შემოიღეს. ლიმიტი ბარელზე 60 დოლარით განისაზღვრა. მიმდინარე წლის 5 თებერვლიდან ზვრული ფასი რუსულ ნავთობპროდუქტებზეც ამოქმედდა, რომელიც ყოველ ორ თვეში ერთხელ უნდა გადიხედოს. კერძოდ, ფასზე უნდა აისახოს ბაზრის ცვლილებები და დადგინდეს საშუალო საბაზრო ღირებულების არანაკლებ 5%-ით დაბალი ფასი, რომელიც ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს მონაცემების საფუძველზე გამოითვლება.
რუსეთის ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, იანვარ-თებერვალში ნავთობისა და გაზის გაყიდვების შემოსავალმა 947 მლრდ რუბლი (11,8 მლრდ დოლარი) შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 46%-ით ნაკლებია. იანვარში ფედერალურ ბიუჯეტს ნავთობისა და გაზის დაგეგმილ შემოსავალში 54,5 მლრდ რუბლის (682 მლნ დოლარის), თებერვალში კი ორჯერ მეტი, 160,2 მლრდ რუბლის (2 მლრდ დოლარის) დეფიციტი გაუჩნდა. ფინანსთა სამინისტრო ამ დეფიციტის დაფარვას შიდა ბაზარზე უცხოური ვალუტის, ძირითადად, ჩინური იუანის გაყიდვით გეგმავდა.