საქართველოში ეკონომიკა მაღალი ტემპით იზრდება მიუხედავად იმისა, რომ მთელ მსოფლიოში არის გლობალური გაურკვევლობა და სავაჭრო დაძაბულობები, – ამის შესახებ საქართველოში imf-ის მუდმივმა წარმომადგენელმა ენდრიუ ჯუელმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი 2025 წლისთვის 7.2 პროცენტით გაიზრდება, რაც გასულ წელთან შედარებით ნელი ზრდაა, თუმცა ეს ზრდა მაინც მტკიცე და მდგრადია.

„ადრეც აღინიშნა, რომ მსოფლიოში ასეთი გაურკვევლობის დონეზე საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს მდგრადობას და სტაბილურობას. რაც შეეხება ევროკავშირთან ურთიერთობას, ჩვენი მოსაზრება ასეთია, ევროკავშირთან ინტეგრაცია კარგია. ამას მოაქვს სარგებელი არა მხოლოდ ქვეყნებისთვის, რომლებსაც სურთ, რომ გახდნენ ევროკავშირის წევრები, არამედ იმ ქვეყნებისთვისაც რომლებიც უკვე არიან ევროკავშირში. ჩვენ გავაკეთეთ კვლევა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება მოიტანს შემოსავლების ზრდას. თვითონ გაწევრიანების პროცესი არ იძლევა წარმატების გარანტიას, მაგრამ ევროკავშირში ინტეგრაციას განვიხილავთ როგორც დადებით მოვლენას. თუ საქართველო გადაუხვევს ევროინტეგგრაციის გზას, ასეთ შემთხვევაში, საქართველო დაკარგავს გარკვეულ დაფინანსებას, რასაც ჩვენ უკვე ვხედავთ. ამან შეიძლება უარყოფითი გავლენა იქონიოს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინებაზე. ჩვენ უკვე ვხედავთ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირებას დასავლეთ ევროპიდან. ეს შეიძლება მიანიშნებდეს იმაზე, რომ ინვესტორებს აქვთ გარკვეული წუხილი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებით. ზოგადად, ჩვენი რეკომენდაცია იქნება ფისკალური წესრიგის გაუმჯობესება, ინფლაციის კონტროლი. მოგეხსენებათ, ახლა ინფლაცია საქართველოში სამიზნე მაჩვენებელზე ცოტა მაღალია, ამიტომ მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდეს, რომ მოხდეს ინფლაციის შეკავება, ეს კი შესაძლებელი იქნება გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკის განხორციელებით“, – განაცხადა ჯუელმა.

1tv.ge