აშშ-ის ტრანსპორტის მინისტრის, შონ დაფის განცხადებით, თუ ქვეყანაში ე.წ. „შათდაუნი“ გაგრძელდება, პარასკევ დილიდან აშშ-ის 40 მთავარ აეროპორტში საჰაერო მიმოსვლის მოცულობა 10%-ით შემცირდება.
ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ბრაიან ბედფორდის თქმით, ეს გადაწყვეტილება საჰაერო მოძრაობის დისპეტჩერებთან დაკავშირებული პრობლემების გამო მიიღეს.
„ეს უჩვეულოა, ისევე როგორც უჩვეულოა „შათდაუნი“, ისევე როგორც უჩვეულოა ის ფაქტი, რომ ჩვენს დისპეტჩერებს ერთი თვის განმავლობაში არ აუღიათ ხელფასი“, - აღნიშნა ბედფორდმა.
მედიის ინფორმაციით, ფრენების შემცირება თანდათანობით მოხდება, პარასკევს შიდა რეისების 4%-ის შემცირებით დაიწყება, შაბათს 5%-მდე გაიზრდება, კვირას 6%-მდე და მომავალ კვირას 10%-ს მიაღწევს.
ფრენების გაუქმებამ, შესაძლოა, დღეში 3 500-4000 რეისზე იმოქმედოს.
ამერიკის შეერთებულ შტატებში ე.წ. შათდაუნი, რომელიც დაფინანსების შეწყვეტის გამო ფედერალური უწყებების ნაწილის მუშაობის შეჩერებას ნიშნავს, 1-ელი ოქტომბრიდან გამოცხადდა. მიზეზი „დემოკრატებსა“ და „რესპუბლიკელებს“ შორის ბიუჯეტის ახალ პროექტში ჯანდაცვის ხარჯებთან დაკავშირებული აზრთა სხვადასხვაობა გახდა.
მიმდინარე „შათდაუნმა“ გადააჭარბა დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირველი ვადის დროინდელ „შათდაუნის“ ხანგრძლივობას, რომელიც 2018-2019 წლის დეკემბერ-იანვრის პერიოდში, 35 დღის განმავლობაში გაგრძელდა.