რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას უცხოური აქტივების დაყადაღების წინააღმდეგ საპასუხო ზომების შესახებ. განკარგულების თანახმად, როდესაც რუსეთის, რუსეთის მოქალაქეების ან რუსეთთან დაკავშირებული კომპანიების საკუთრების კონფისკაცია ხდება შეერთებულ შტატებში და სხვა სახელმწიფოებში, რომლებიც „მათ შეუერთდნენ‘‘, რუსეთში არსებული ამ ქვეყნების ქონება დროებით მართვაზე გადავა. ამის შესახებ რუსული მედია წერს.
ასეთი აქტივების დროებითი მმართველი რუსეთის ქონების მართვის ფედერალური სააგენტო გახდება. დეპარტამენტში განმარტეს, რომ მფლობელები არ კარგავენ აქტივებს, მაგრამ თავდაპირველ მფლობელს გადაწყვეტილებების მიღება აღარ შეუძლია.
რუსული მედია წერს, რომ ორი ევროპული კომპანიის აქციები გადადის ქონების მართვის ფედერალური სააგენტოს დროებით მართვაში. ეს არის ფინური Fortum-ი და Unipro, გერმანული Uniper-ის შვილობილი კომპანია რუსეთში. საჭიროების შემთხვევაში კომპანიების სია შეიძლება გაიზარდოს, აცხადებენ დეპარტამენტში.
Fortum-ი, ვებსაიტზე არსებული ინფორმაციის თანახმად, თერმული და ელექტრო ენერგიის ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებელი და მიმწოდებელია ურალსა და დასავლეთ ციმბირში. მას ეკუთვნის 7 თბოელექტროსადგური, 4 - ჩელიაბინსკის რეგიონში და კიდევ 3 - ტიუმენის რეგიონში. რუსეთში ფინური ჯგუფის აქტივების საბალანსო ღირებულება 1,7 მილიარდ ევროს შეადგენს. პრეზიდენტის ბრძანებით, რუსეთის დროებითი კონტროლის ქვეშ იქნება ადგილობრივი ფილიალის აქციების 69,8% და Fortum-ის სათავო ჰოლდინგის წილის აქციების - 28,3%.
Unipro-ს აქვს 5 თბოელექტროსადგური რუსეთში. ეს არის ობიექტები კრასნოიარსკის მხარეში, სმოლენსკის, ტიუმენისა და მოსკოვის რეგიონებში, ასევე პერმის მხარეში. კომპანიის მონაცემებით, მისი წილი 2021 წლის რუსეთის ელექტროენერგიის მთლიან წარმოებაში 4,1%-ია. Unipro-ს აქციების 83,7% ახლა რუსეთის ფედერაციის ქონების მართვის ფედერალური სააგენტოს მართვაში გადავა.
რუსული მედია წერს, რომ დიდი ალბათობით გაფართოვდება იმ კომპანიების სია, რომლებიც გადაეცემა ქონების მართვის ფედერალური სააგენტოს კონტროლს.
ფინურმა Fortum-მა განაცხადა, რომ გაურკვეველი რჩება, როგორ იმოქმედებს რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებულება კომპანიის საქმიანობაზე რუსეთში და აქტივების გაყიდვის პროცესზე. Unipro-ს აქციების ფასი ახალი ამბების ფონზე ჯერ 5%-ით გაიზარდა, შემდეგ კი ვარდნა დაიწყო.