გამოცემა Financial Times-ის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა კაბინეტს უბრძანა, მოემზადონ ქვეყანაში დასავლური კომპანიების დაბრუნებისთვის.
გამოცემის მიხედვით, რუსეთის პრეზიდენტმა 21 თებერვალს თქვა, რომ მას სურს, რუსულ კომპანიებს "გარკვეული უპირატესობები" ჰქონდეთ მათზე, რომლებიც რუსულ "ბაზარზე დაბრუნებას გადაწყვეტენ", რაც FT-ს ცნობით, სამაგიერო იქნება დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების გამო.
მიუხედავად იმისა, რომ ეს ზომები თავდაცვითი ხასიათისაა, პუტინის ნათქვამი პირველი მიმანიშნებელია იმის, რომ რუსეთი სერიოზულად განიხილავს დასავლური კომპანიების უკან მიღებას მას შემდეგ, რაც უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრას კომპანიების მხრიდან ბაზრის მასობრივი დატოვება მოჰყვა, წერს Financial Times.
კიევის ეკონომიკის სკოლის ინსტიტუტის მონაცემებით, 2022 წლის თებერვლიდან მოყოლებული, რუსული ბაზარი 472-მა უცხოურმა კომპანიამ დატოვა, ხოლო დანარჩენმა 1360-მა ქვეყანაში საქმიანობის მასშტაბები შეამცირა.
რუსული სუვერენული სიმდიდრის ფონდის თავმჯდომარის, კირილ დმიტრიევის მტკიცებით, ქვეყნიდან გასვლის გამო ამერიკულმა კომპანიებმა $324 მილიარდი დაკარგეს. მისი თქმით, კომპანიების დაბრუნებას იგი წელს მოელის. თუმცა, KSE Institute-ის მონაცემებით, ამერიკულმა კომპანიებმა მხოლოდ $52 მილიარდი დაკარგეს აქტივების მხრივ, ხოლო კომპანიებმა, რომლებმაც დატოვება გადაწყვიტეს, 2021-2023 წლებში მხოლოდ $36 მილიარდი გამოიმუშავეს.
თუმცა, რუსეთის პრემიერმინისტრის პირველი მოადგილის, დენის მანტუროვის თქმით, დასავლურ კომპანიებთან დეტალური დისკუსიები ნაკლებად სავარაუდოა, სანამ დასავლური ქვეყნები სანქციებს არ მოხსნიან.
მანტუროვის თქმით, რუსეთი მზად იყო საქმიანობის გაგრძელებასთან დაკავშირებით Boeing-თან მოლაპარაკებებზე, თუმცა აღიარა, რომ მთავრობას კომპანიასთან საუბრები არ გაუმართავს. ხოლო ზოგიერთი მაღალჩინოსნის თქმით, დასავლური კომპანიებისთვის რთული იქნება ყოფილ საბაზრო პოზიციებზე დაბრუნება მას შემდეგ, რაც ისინი ადგილობრივმა მოთამაშეებმა ჩაანაცვლეს, რომლებსაც ხშირ შემთხვევაში კრემლში გავლენიანი კავშირები აქვთ.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, მარია ზახაროვას თქმით, დასავლური კომპანიები არა "არა ეკონომიკური სუბიექტები, არამედ მტრული რეჟიმების ინსტრუმენტები არიან რუსეთის წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომში, რომელშიც მონაწილეობაზე ისინი დათანხმდნენ".
ზახაროვა ასევე "შედეგებით" დაემუქრა იმ კომპანიებს, რომელთა ქვეყნებიც არასაკმარის პატივისცემას გამოხატავდნენ რუსული და საბჭოთა არმიების მიმართ.
წყარო: ტაბულა