პოლონეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა, კაროლ ნავროცკიმ, არჩევნების მეორე ტურში მხარდაჭერის სანაცვლოდ, ოფიციალურად მიიღო „კონფედერაციის“ ლიდერის, სლავომირ მენცენის მოთხოვნები, რომელთა შორისაა უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებისთვის ხელის შეშლის დაპირება.

სლავომირ მენცენთან ერთად, რვა პუნქტისგან შემდგარი დეკლარაციის ხელმოწერა პირდაპირ ეთერში მოხდა.

სლავომირ მენცენმა განაცხადა, რომ მისი მხარდაჭერისთვის ორივე პოლიტიკოსმა ხელი უნდა მოაწეროს დეკლარაციას, რომელიც რვა პუნქტისგან შედგება. კერძოდ:

„1. მე არ მოვაწერ ხელს არცერთ კანონს, რომელიც ზრდის არსებულ გადასახადებს; 2. მე არ მოვაწერ ხელს არცერთ კანონს, რომელიც ზღუდავს ნაღდი ფულით ოპერაციებს და დავიცავ პოლონურ ზლოტს; 3. მე არ მოვაწერ ხელს არცერთ კანონს, რომელიც ზღუდავს აზრის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც თავსებადია პოლონეთის კონსტიტუციასთან; 4. მე არ გავცემ პოლონელი ჯარისკაცების უკრაინის ტერიტორიაზე გაგზავნის ნებართვას; 5. მე არ მოვაწერ ხელს კანონს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების რატიფიკაციის შესახებ; 6. მე არ მოვაწერ ხელს არცერთ კანონს, რომელიც ზღუდავს პოლონელების ხელმისაწვდომობას იარაღზე; 7. მე არ ვთანხმდები პოლონეთის ხელისუფლების რაიმე უფლებამოსილების ევროკავშირის ორგანოებისთვის გადაცემას; 8. მე არ მოვაწერ ხელს ევროკავშირის არცერთი ახალი ხელშეკრულების რატიფიკაციას, რომელიც ასუსტებს პოლონეთის როლს, მაგალითად, ასუსტებს მის ხმის მიცემის უფლებას ან ვეტო-ს უფლებას“.

მე-4 პუნქტთან დაკავშირებით, რომელიც პოლონელი ჯარისკაცების უკრაინის ტერიტორიაზე ყოფნის საკითხს შეეხება, კაროლ ნავროცკიმ განაცხადა, რომ უკრაინაში გაგზავნის პოლონელ ბიზნესმენებს, როდესაც უკრაინის აღდგენის პროცესი დაიწყება.

მისივე თქმით, არ მოაწერს ხელს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების რატიფიკაციის კანონს. მისი აზრით, ამის შესახებ დისკუსიას აზრი არ აქვს.

პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ვარშავის მერმა, რაფალ ტშასკოვსკიმ ხმების 31,36% მოიპოვა, ხოლო კაროლ ნავროცკიმ, რომელსაც მხარს უჭერს მემარჯვენე-კონსერვატიული პარტია „კანონი და სამართლიანობა“ – 29,54%. არჩევნების მეორე ტური პირველ ივნისს ჩატარდება.

პირველი არხი