ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის – CPJ-ის განცხადებით, აზერბაიჯანი 2018 წლის შემდეგ პირველად მოხვდა იმ ქვეყნების სიაში, სადაც ყველაზე მეტი ჟურნალისტია დაპატიმრებული.
ევროპასა და ცენტრალურ აზიაში პატიმრობაშია 96 ჟურნალისტი. ამ ქვეყნებს შორის ლიდერობენ რუსეთი -27 ჟურნალისტით, ბელარუსი – 25 ჟურნალისტით, ხოლო აზერბაიჯანი – 24 ჟურნალისტით [აზერბაიჯანში 2024 წელს პატიმრობაში მხოლოდ 13 ჟურნალისტი იმყოფებოდა].
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ქვეყანაში ძლიერდება დამოუკიდებელი მედიის გაჩუმების მცდელობები, მათ შორის, უცხოური დონორული დახმარებების შემზღუდავი კანონების გზით.
“ბოლო პერიოდში დაპატიმრებულ ჟურნალისტებსა და რიგ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ აქტივისტებს ბრალად ედებათ კონტრაბანდა, გადასახადებისგან თავის არიდება და სხვა მუხლები, თუმცა მათი უმეტესობა აცხადებს, რომ რეალურად დასჯილია პროფესიული საქმიანობისა და ხელისუფლებაში არსებული კორუფციის გამოაშკარავების გამო.
მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური ბაქო პოლიტიკური მოტივებით დევნას უარყოფს, ადგილობრივი და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები, ევროპარლამენტი და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა პოლიტპატიმრების გათავისუფლებას მოითხოვენ”.
ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში დღეს პატიმრობაში იმყოფება 330 ჟურნალისტი.
ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის (CPJ) წლიური ანგარიშის მიხედვით, ეს ზრდა უკავშირდება ავტორიტარული რეჟიმების გაძლიერებას, კონფლიქტური ზონების გაფართოებას და პოლიტიკური ცენზურის გამკაცრებას.