ავტომობილები და სატვირთო მანქანები ახლა ვეღარ შედიან პარიზის რამდენიმე ცენტრალურ უბანში. ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.
მათთვის მიუწვდომელი აღმოჩნდა 5 კვადრატული კილომეტრი მარჯვენა სანაპიროზე, სადაც დაახლოებით 100 ათასი ადამიანი ცხოვრობს და სადაც მუდმივად საცობებია.
ეს ის ადგილებია, სადაც მრავალი ღირსშესანიშნაობა მდებარეობს - ლუვრი, ტიულრის ბაღები, რივოლის ქუჩა და ოპერის პროსპექტის უმეტესი ნაწილი.
გამონაკლისი მხოლოდ ტაქსებზე, ავტობუსებზე და ადგილზე მიტანის სერვისებზე კეთდება. გარდა ამისა, ადგილობრივ მოსახლეობას შეეძლება შევიდეს ამ ადგილებში, ისევე როგორც მათ, ვინც იქ სამუშაოდ, საყიდლებზე, რესტორანში ან ბარში, მუზეუმში ან კინოში უნდა მოხვდეს.
პარიზის მერია იმედოვნებს, რომ ეს ხელს შეუწყობს მთავარ გზებზე მოძრაობის 30%-ით შემცირებას და ამასთან ერთად ხმაურის და ჰაერის დაბინძურების შემცირებას.
კონკრეტულად როგორ დაამტკიცებენ ამ რაიონებში მოხვედრის მსურველები მანქანის სარგებლობის აუცილებლობას, ჯერჯერობით უცნობია. პირველი ექვსი თვის განმავლობაში პოლიცია არ აჯარიმებს სამართალდამრღვევებს, მხოლოდ გაფრთხილებებს აძლევს. არ არის გამორიცხული, რომ გამგზავრებამდე სავალდებულო ონლაინ რეგისტრაცია დაინერგოს.
პარიზი არ არის პირველი ევროპული ქალაქი, რომელიც ზღუდავს მანქანების შემოსვლას ქალაქის ცენტრალურ ნაწილში. მსგავსი წესი უკვე არსებობს, მაგალითად, რომში, მადრიდში ან ბრატისლავაში.