რომის პაპმა ლეო XIV-მ აშშ-ის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობა მიიღო და ილინოისის შტატში საარჩევნო ბიულეტენი ფოსტით გაგზავნა. ის ისტორიაში პირველი პაპია, რომელმაც აშშ-ის არჩევნებში ხმა მისცა.
„წმინდა მამა გამოხატავს რწმენას, რომ მოქალაქეებს აქვთ როგორც უფლება, ისე მოვალეობა — მონაწილეობა მიიღონ დემოკრატიულ პროცესებში“, — ნათქვამია წმინდა საყდრის პრესსამსახურის განცხადებაში.
ჩიკაგოში დაბადებული ლეო XIV პირველი ამერიკელი მოქალაქეა, რომელმაც კათოლიკური ეკლესიის მეთაურის თანამდებობა დაიკავა.
პონტიფიკოსს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან არაერთ საკითხზე ჰქონდა უთანხმოება, მათ შორის, საიმიგრაციო პოლიტიკის აღსრულებისა და აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ წარმოებული ომის გამო.
„პაპმა ლეო XIV-მ, როგორც აშშ-ის მოქალაქემ, ხმის მიცემის უფლება გამოიყენა, როგორც კი ამის შესაძლებლობა მიეცა“, — აცხადებენ ვატიკანის პრესსამსახურში.
NBC News-ის ცნობით, პაპმა ფოსტით გასაგზავნი საარჩევნო ბიულეტენი 3 ოქტომბერს, უილის ოლქის ადმინისტრაციული სამსახურიდან გამოითხოვა.
აშშ-ის შუალედური არჩევნები განსაზღვრავს, თუ რომელი პოლიტიკური პარტია გააკონტროლებს კონგრესს. შედეგებს მნიშვნელოვანი გავლენა ექნება დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო ვადის დარჩენილ პერიოდზეც.
არჩევნები ქვეყნის მასშტაბით 3 ნოემბერს გაიმართება, თუმცა შტატების უმეტესობაში ვადამდელი კენჭისყრა უკვე დაწყებულია.