ნახევარგამტარების მწარმოებელი ამერიკული Nvidia-ს საბაზრო ღირებულება $3-ტრილიონიან ნიშნულს ჩამოსცდა. შედეგად, $3-ტრილიონიანი კომპანიების ელიტარულ კლუბში ახლა მხოლოდ Apple-ი რჩება, რომლის კაპიტალიზაციაც $3.56 ტრილიონს აღწევს. ბოლო მონაცემებით, Nvidia $2.93 ტრილიონადაა შეფასებული და მას Microsoft-ი მოჰყვება $2.91 ტრილიონით.
ხუთშაბათს, კვარტალური შემოსავლების გამოქვეყნების შემდეგ, Nvidia-ს აქციების ფასი 8%-ით დაეცა. შედეგად, კომპანიამ დაახლოებით $273 მილიარდის საბაზრო კაპიტალიზაცია დაკარგა. ამჟამად, ის მეორე ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიაა მსოფლიოში. აქვე გეტყვით, რომ აღნიშნულ პერიოდში S&P 500-ის ინდექსი 1.6%-ით, ხოლო Nasdaq-ი 2.8%-ით დაეცა.
2025 წელს ნახევარგამტარების მწარმოებლის აქციები 10%-ით გაუფასურდა. ვარდნა ძირითადად ინვესტორების სიფრთხილეს უკავშირდება, რაც პოტენციური ტარიფებით, ექსპორტზე კონტროლითა და ბაზარზე ახალი AI-მოდელების გამოჩენითაა გამოწვეული.
ვარდნის მიუხედავად, Nvidia-ს ამჟამინდელი ღირებულება ორი წლის წინანდელ მაჩვენებელთან შედარებით კვლავ ხუთჯერ მაღალია. ამ პერიოდში ამერიკული კომპანიის სწრაფი ზრდა ხელოვნური ინტელექტის ბუმმა განაპირობა. Nvidia-ს საბაზრო კაპიტალიზაციამ $3-ტრილიონიან ნიშნულს პირველად 2024 წლის ივნისში გადააჭარბა.
Nvidia-მ კვარტალური შედეგები გუშინ გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, გასული წლის მეოთხე ფისკალური კვარტალის შემოსავალმა – $39.3 მილიარდი, წმინდა მოგებამ კი $22.1 მილიარდი შეადგინა. თითო აქციაზე კომპანიის შემოსავალი $0.89-ს უდრიდა. ამ შედეგებით Nvidia-მ ანალიტიკოსების მოლოდინს გადააჭარბა.
შეგახსენებთ, რომ წელს, Nvidia-ს აქციებს ყველაზე დიდი დარტყმა ხელოვნური ინტელექტის ჩინური კომპანიის DeepSeek-ის გამოჩენამ მიაყენა. შედეგად, ამერიკული ტექგიგანტის საბაზრო კაპიტალიზაცია ერთ დღეში რეკორდული $600 მილიარდით შემცირდა.