ნეპალში წარმოადგინეს კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც ევერესტის დაპყრობის ნებართვა მხოლოდ გამოცდილ მთამსვლელებს მიეცემათ. შესაძლოა, მთაზე ასვლა მხოლოდ იმ სპორტსმენებს შეეძლებათ, რომლებსაც სულ მცირე ერთ ჰიმალაის „შვიდიათასიანზე“ ასვლის გამოცდილება აქვთ.
კანონპროექტი ქვეყანაში მთამსვლელობის კომერციალიზაციის საპასუხოდ წარმოიშვა: გამოუცდელი, მაგრამ მდიდარი ენთუზიასტები, დიდი თანხის გადახდის შემდეგ, საფრთხეში იგდებენ სიცოცხლეს, რათა ნახონ მსოფლიოს მწვერვალი. ამგვარად, ევერესტი ტურისტებით არის გადატვირთული, თუნდაც „სიკვდილის ზონაში“, სადაც ჟანგბადის დონე კრიტიკულად დაბალია.
თუ კანონპროექტი კანონად იქცევა, სპორტსმენებს მოუწევთ წარმოადგინონ მტკიცებულება, რომ მათ 7000 მეტრზე მეტი სიმაღლის ჰიმალაის მინიმუმ ერთი მწვერვალი დაიპყრეს. მთამსვლელები ასევე ვალდებულნი იქნებიან, ასვლისას თან წაიყვანონ ნეპალის მოქალაქე გიდი.
გარდა ამისა, 2025 წლის სექტემბრიდან ევერესტზე ასვლის ნებართვის ღირებულება გაიზრდება: მსოფლიოს უმაღლეს მწვერვალზე ასვლის შესაძლებლობისთვის, მსურველებს 11 000 დოლარის ნაცვლად 15 000 დოლარის გადახდა მოუწევთ. ახალი ტარიფები გავრცელდება გაზაფხულის პოპულარულ ასვლის სეზონზე (აპრილი - მაისი) სამხრეთ კოლონის გავლით სტანდარტულ მარშრუტზე.
ფასები ასევე გაიზრდება ნაკლებად პოპულარულ სეზონებზე: სექტემბრიდან ნოემბრამდე ნებართვა 7,500 დოლარი ეღირება, ხოლო ზამთრის თვეებში, დეკემბრიდან თებერვლამდე, 3,750 დოლარი.