30 სექტემბერს ნეპალში ორი წლის გოგო ახალ "ქალღმერთად" გამოაცხადეს. ქვეყნის ინდუისტების ყველაზე დიდ და მნიშვნელოვან დღესასწაულზე გოგონა სახლიდან ტაძრამდე მსვლელობით მიიყვანეს.
ორი წლისა და რვა თვის არიატარა შაკია ახალ ე.წ "ქალწულ ქალღმერთად", ანუ "კუმარად" აირჩიეს, რომელიც ტრადიციის მიხედვით, გარდატეხის ასაკის მიღწევის შემდეგ უბრალო მოკვდავად იქცევა.
30 ოქტომბერს მორწმუნეებმა სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვების თხუთმეტდღიანი დღესასწაულის, "დაშაინის" მერვე დღე აღნიშნეს. ქვეყნის მასშტაბით უქმე დღე იყო გამოცხადებული. მეგობრებმა კატმანდუს ქუჩებში მსვლელობით ტაძრამდე მიიყვანეს ახალი "კუმარი", რაც მომდევნო რამდენიმე წელი მისი სახლი იქნება.
მორწმუნეები გოგონისადმი თაყვანისცემას, ტრადიციულად, მის ტერფებზე შუბლის შეხებით გამოხატავენ, რაც ინდუისტებისთვის პატივისცემის უმაღლესი გამოხატულებაა, ამასთანავე, მას ყვავილებსა და ფულს აჩუქებენ.
გოგონას მამამ ირწმუნება, რომ ბავშვის გაჩენამდე უკვე ამჩნევდნენ ნიშნებს, რომლებიც მის "ქალღმერთობაზე" მეტყველებდნენ. როგორც მან აღნიშნა, "მეუღლეს ორსულობისას დაესიზმრა, რომ ის [გოგონა] ქალღმერთი იყო, მაშინ მივხვდი, რამდენად განსაკუთრებული იქნებოდა".
ყოფილი "კუმარი" ტრიშნა შაკია "ქალღმერთად" 2017 წელს გამოცხადდა. შაკია ახლა 11 წლისაა და მან ტაძარი ოჯახის წევრებთან ერთად უკვე დატოვა.
"კუმარებს" ნიუარის მოსახლეობის შაკიას კლანის წევრებისგან ირჩევენ, რომლებიც კატმანდუს ხეობის მკვიდრნი არიან. ცნობილია, რომ ინდუისტურ ქვეყნებში მათ თაყვანს სცემენ როგორც ინდუისტები, ასევე ბუდისტები. შაკიას კლანის ოჯახები ამ პრესტიჟული ადგილისთვის ერთმანეთს მუდამ ეცილებიან, რადგან "კუმარის" ოჯახი საზოგადოებასა და საკუთარ კლანში პატივისცემით სარგებლობს.
ტრადიციის მიხედვით, გოგონებს ორიდან ოთხ წლამდე ასაკის დიაპაზონში არჩევენ. მთავარი მოთხოვნაა, რომ მათ უმანკო კანი, თმა და კბილები უნდა ჰქონდეთ, ამასთანავე, სიბნელის არ უნდა ეშინოდეთ. "კუმარი" ყოველთვის წითელ სამოსს ატარებს, თმა მაღლა აქვს აწეული და შუბლზე რელიგიური ნიშანი - "მესამე თვალი"აქვს დახატული.
ისინი იზოლირებულად ცხოვრობენ. მათ სათამაშოდ კარგად შერჩეული რამდენიმე მეგობარი ჰყავთ და ტაძრის დატოვება წელიწადში მხოლოდ რამდენიმე ფესტივალის დროს შეუძლიათ.
ყოფილი "ქალღმერთები" ნორმალურ ცხოვრებას რთულად ეგუებიან. ნეპალური ფოლკლორის მიხედვით, კაცი, რომელიც "კუმარიზე" დაქორწინდება, ახალგაზრდა გარდაიცვლება. ლეგენდის გამო ბევრი გოგონა ქორწინების გარეშე რჩება.
ბოლო წლებში ტრადიციაში ცვლილებების შემდეგ, "კუმარის" უფლება აქვს ტაძარში კერძო მასწავლებლების მიერ განათლება მიიღოს. ამასთანავე, მთავრობამ ყოფილ კუმარებს დაახლოებით $110 ოდენობით თვიური პენსია დაუნიშნა, რაც შემოსავლების ფიქსირებულ მინიმუმზე ოდნავ მეტია.