რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინაში "კრიზისის მოსაგვარებლად" საჭიროა, გამორიცხული იყოს უკრაინაში ბირთვული იარაღის გაჩენის შესაძლებლობა და ამასთანავე, იგი უკრაინისგან "ნეიტრალიტეტის" გამოცხადებასაც მოითხოვს. პუტინის განცხადებას რუსული სამთავრობო მედია, TASS ავრცელებს.
"საჭიროა, გამოცხადდეს უკრაინის ნეიტრალიტეტი, მიუმხრობლობა ნებისმიერ უცხო ალიანსთან და ასევე გამორიცხული უნდა იყოს ბირთვული იარაღის მოპოვების შესაძლებლობა," თქვა პუტინმა Sky News Arabia-სთან ინტერვიუში.
პუტინის თქმით, მისი მოთხოვნები რეგიონში "გრძელვადიანი სტაბილურობის" საფუძველი იქნება. რუსული სამთავრობო მედიის ცნობით, პუტინმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ პირობების უგულებელყოფა, მათ შორის, უკრაინის "დონბასსა და ნოვოროსიაზე რუსეთის სუვერენიტეტის" არ აღიარება, "შეიარაღებული კონფლიქტის გაგრძელების შესაძლებლობას" ნიშნავს.
ცნობისთვის, ტერმინი "ნოვოროსია" ვლადიმირ პუტინმა 2014 წელს ძველი რუსული იმპერიალისტური ნარატივის გამოსაცოცხლებლად გამოიყენა, რაც უკრაინაში შეჭრისა და ტერიტორიების ოკუპაციის გამართლებისთვის გამოიყენება.
"შეგახსენებთ, რომ ეს არის ნოვოროსია. ხარკოვი, ლუგანსკი, დონეცკი, ხერსონი, ნიკოლაევი, ოდესა – მეფის დროს უკრაინის შემადგენლობაში არ შედიოდნენ. ყველა ეს არის ტერიტორია, რომელიც უკრაინას საბჭოთა ხელისუფლების მიერ გადაეცა. რატომ გააკეთეს ეს, ღმერთმა უწყის", – თქვა პუტინმა 2014 წლის 17 აპრილს, მაშინ, როცა დონბასში ომი უკვე დაწყებული, ყირიმი კი რუსეთის მიერ ანექსირებული იყო.
რუსული გადმოსახედიდან, "ნოვოროსიის" პროპაგანდისტული მითი, რუსეთის მიერ ამჟამად ნაწილობრივ ოკუპირებული ოთხი რეგიონის - ხერსონოს, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის - გარდა, ასევე მოიცავს ხარკოვის, დნეპროპეტროვსკის, მიკოლაივისა და ოდესის რეგიონებსაც, რომლებზეც რუსეთი ამ დრომდე ვერ ახერხებს კონტროლის დამყარებას.
წყარო: tabula.ge