გლობალურ ენერგეტიკულ ბაზართან დაკავშირებით OPEC-მა განახლებული ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც წერია, რომ ბაზარზე ნედლ ნავთობთან მიმართებით მოთხოვნა ისევ მაღალია და, სავარაუდოდ, მომავალშიც ასე გაგრძელდება, რაც ფუნდამენტური ფაქტორებითაა განპირობებული.

OPEC-ის პროგნოზით, 2030 წლამდე გლობალური დღიური მოხმარება 112 მილიონ ბარელს მიაღწევს, რაც ამჟამინდელ მაჩვენებელთან შედარებით თითქმის 10 მილიონი ბარელით მეტია. რაც შეეხება უფრო გრძელვადიან პერსპექტივას, 2050 წლისთვის გლობალური მოთხოვნის 24%-ით ზრდაა ნავარაუდევი.

OPEC-ის განმარტებით, ბოლო პერიოდში ნავთობის ფასების შემცირება ზედმეტად ნეგატიური მოლოდინებით არის განპირობებული და სპეკულატორებს არავითარი რეალური მიზეზი არ აქვთ იმისათვის, რომ მომავალში ნავთობზე მოთხოვნის შემცირება ივარაუდონ.

უნდა აღინიშნოს, რომ ნავთობის მომპოვებელ სახელმწიფოა ორგანიზაციის პოზიციას იზიარებს ExxonMobil-ის ანალიტიკური დეპარტამენტი, რომლის პროგნოზით, 2050 წლისთვის ნავთობი და ბუნებრივი აირი ისევ შეინარჩუნებენ აქტუალურობას და წიაღისეულ საწვავზე გლობალური ენერგომოხმარების 50%-ზე მეტი განაწილდება.

Exxon-ის პროგნოზის მიხედვით, ნავთობზე მოთხოვნა 2030 წლის შემდეგ დასტაბილურდება, მაგრამ 2050 წლამდე ის დღიურად საშუალოდ მინიმუმ 100 მილიონ ბარელზე შენარჩუნდება. ეს ნიშნავს, რომ მიუხედავად ელექტროენერგიისა და განახლებადი ენერგიის წყაროების სწრაფი ზრდისა, ნავთობი კვლავაც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს გლობალურ ენერგეტიკულ სექტორში.

ვრცლად: bm.ge