ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინფორმაციით, მოკავშირეებმა გრენლანდიის და არქტიკის შესახებ მომავალი შეთანხმების ჩარჩო შექმნეს.
ტრამპის განცხადებით, ის დაანონსებული ტარიფების დაწესებას აღარ აპირებს.
,,NATO-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან, გამართული ძალიან ნაყოფიერი შეხვედრის საფუძველზე, ჩვენ შევქმენით მომავალი შეთანხმების ჩარჩო, რომელიც გრენლანდიას და ფაქტობრივად, მთელ არქტიკულ რეგიონს ეხება.
ეს გადაწყვეტა, თუ საბოლოოდ განხორციელდება, შესანიშნავი იქნება ამერიკის შეერთებული შტატებისა და NATO-ს ყველა ქვეყნისთვის. ამ შეთანხმების საფუძველზე საფუძველზე, მე არ დავაწესებ იმ ტარიფებს, რომლებიც ძალაში უნდა შესულიყო 1 თებერვალს.
დამატებითი განხილვები მიმდინარეობს "ოქროს გუმბათთან" დაკავშირებით, იმდენად რამდენადაც ის გრენლანდიას ეხება. მოლაპარაკებების მიმდინარეობისას დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახდება.
ვიცეპრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და საჭიროების შემთხვევაში სხვა პირები იქნებიან პასუხისმგებელნი მოლაპარაკებებზე - ისინი პირდაპირ მე მომახსენებენ",- დაწერა აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში.