გერმანიაში სამუშაო ძალამ ზრდა შეწყვიტა, რაც საფრთხეს უქმნის ევროპის უდიდესი ეკონომიკის განვითარებას. ამის შესახებ Bloomberg-ი გერმანიის მთავრობის კვლევითი ინსტიტუტის მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება.
კვლევაში ნათქვამია, რომ ეპოქა, რომლის დროსაც მოქალაქეთა ცხოვრების დონე სამუშაო ძალის მუდმივი ზრდის გამო გაიზარდა, დასასრულს უახლოვდება. ქვეყნის შრომის ბაზარი მკვეთრად დაიწყებს კლებას, რაც მის ეკონომიკურ ზრდას უთხრის ძირს, გაზრდის ინფლაციურ ზეწოლას და სერიოზულ პრობლემებს უქმნის მწარმოებლებს. ათი წლის განმავლობაში შრომისუნარიანი მოქალაქეების რაოდენობა 7%-ით, ანუ 3 მლნ-ით შემცირდება, თუ პენსიაზე გასულ გერმანელებს მიგრანტების მნიშვნელოვანი ნაკადი არ ჩაანაცვლებს.
დასაქმებულთა რაოდენობის შემცირების თავიდან ასაცილებლად ქვეყანას ყოველწლიურად 400 000 ახალი პერსონალი სჭირდება. გასულ წლებში მუშათა შემოდინებას დევნილები უზრუნველყოფდნენ, ხოლო დასაქმებით პრობლემის მოგვარებას მათი ნახევარი ახერხებდა. ასევე, სიტუაციის გამოსწორება შესაძლებელია მუშების პროდუქტიულობის გაზრდით, მაგრამ ეს საკმარისი იქნება მხოლოდ წელიწადში არაუმეტეს ერთი პროცენტის ზრდის უზრუნველსაყოფად.
გერმანიის შრომის მინისტრმა ჰუბერტუს ჰეილმა პირობა დადო, რომ მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მოიზიდოს კვალიფიციური მუშები, მაგრამ ემიგრანტების ტალღა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპიდან ნელდება, რადგან ამ ქვეყნებში ცხოვრების დონე გერმანიის დონეს უახლოვდება. ამიტომ, გერმანია ფოკუსირებულია პერსონალზე ინდოეთიდან, ფილიპინებიდან, ინდონეზიიდან და ლათინური ამერიკიდან.
ექსპერტები ასევე მიიჩნევენ, რომ ამ სიტუაციიდან გამოსავალი შეიძლება იყოს საპენსიო ასაკის ადამიანების სამუშაოზე მოზიდვა. გერმანიაში ახლა ხანდაზმულთა 9%-ზე ნაკლებია დასაქმებული, შეერთებულ შტატებში 20% და იაპონიაში დაახლოებით 25%.
ივნისის დასაწყისში გერმანიაში ეკონომიკური კრიზისი იწინასწარმეტყველეს: გერმანიის სტატისტიკური სააგენტოს მონაცემებით, მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) ზედიზედ მეორე კვარტალში იკლებს. მიმდინარე წლის I კვარტალში ის 0,3%-ით შემცირდა, ხოლო 2022 წლის IV კვარტალში - 0,5%-%-ით. ამის მიზეზი ელექტროენერგიის მკვეთრი გაძვირება გახდა. რუსული საწვავის ყიდვაზე უარის თქმისა და მიწოდების ალტერნატიული წყაროების არარსებობის გამო ენერგეტიკის ღირებულება გაიზარდა.
ქიმიური კონცერნის BASF SE-ს აღმასრულებელი დირექტორის მარტინ ბრუდერმიულერის თქმით, გერმანიის ეკონომიკის სტაბილურობის დარღვევა საფრთხეს უქმნის მთელი ევროპის სტაბილურობას. გერმანიის მთავრობამ უკვე დადო პირობა, რომ შეზღუდავს ელექტროენერგიის ფასებს მრეწველობისთვის, ნაბიჯი, რომელიც შესაძლოა გერმანელ გადასახადის გადამხდელებს 30 მლრდ ევრო დაუჯდეს.