გუდაურში სათხილამურო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის მასშტაბური სამუშაოები განხორციელდება. პროექტის ფარგლებში იგეგმება მოქმედი საბაგიროებისა და სასრიალო ტრასების განახლება, რისთვისაც „მთის ტრასების სააგენტო“ შესაბამის ღონისძიებებს ჩაატარებს.

საქართველოს მთავრობის განკარგულების მიხედვით, რომელიც 9 ივლისით თარიღდება, სააგენტოს დაევალა გუდაურში არსებული ინფრასტრუქტურის მოდერნიზებისთვის საჭირო სამუშაოების ორგანიზება და შესრულება.

გეგმის მიხედვით, ტერიტორიაზე ორი არსებული საბაგირო — „ხადასა“ და „სნოუპარკი“ — დემონტაჟდება. მათ ნაცვლად მოეწყობა ორი ახალი ბიგელის ტიპის სათხილამურო საბაგირო, რომელთა სიგრძე 1 400 და 200 მეტრი იქნება.

პროექტი ასევე ითვალისწინებს 7 500 კვადრატული მეტრის ფართობის სასრიალო ტრასის ხელოვნური გათოვლიანების სისტემით აღჭურვას, რაც სათხილამურო სეზონის პირობების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

სამუშაოების დასრულების საბოლოო ვადად 2026 წლის 15 დეკემბერია განსაზღვრული. მთავრობის დოკუმენტის თანახმად, გუდაურის ინფრასტრუქტურის განახლების პროექტში მინიმუმ 20.7 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდება.