ტურბულენტობის პროგნოზირების პორტალმა Turbli-მ გამოაქვეყნა ყოველწლიური რეიტინგი იმ საჰაერო მარშრუტებისა, სადაც მგზავრები ყველაზე ხშირად განიცდიან ტურბულენტობას.
სერვისმა 2025 წელს ფრენის ტრაექტორიებზე ტურბულენტობის მონაცემების საფუძველზე მსოფლიოს 550 უდიდეს აეროპორტს შორის დაახლოებით 10 000 რეისი გააანალიზა.
შეფასების ძირითად კრიტერიუმად მიჩნეული იქნა „მორევის წარმოქმნის სიჩქარის“ ინდიკატორი, რომელიც ზომავს ტურბულენტობის ინტენსივობას სივრცის კონკრეტულ წერტილში.
ტურბულენტობა განსაკუთრებით ხშირია მთიან რეგიონებში გამავალ მარშრუტებზე, მაგალითად, სამხრეთ ამერიკის თავზე: ანდების რეგიონში, ჩილესა და არგენტინას შორის მარშრუტებზე, ძლიერი ჰაერის ნაკადები ეჯახება მთათა მასივებს. ამას ამძიმებს ტემპერატურისა და წნევის მკვეთრი ცვლილებები, ასევე ჰაერის მასების აწევის ეფექტი ფერდობებზე.
მსგავსი სიტუაცია შეინიშნება ევროპაში. ფენომენი ყველაზე ხშირად ალპებზე ფრენის დროს იგრძნობა.
მსოფლიოში ყველაზე ტურბულენტური 10 საჰაერო მარშრუტი:
მენდოზა – სანტიაგო
სინინგი – იინჩუანი
ჩენგდუ - სინინგი
კორდობა - სანტიაგო
სანტა კრუზი - სანტიაგო
ჩენგდუ - ლანჯოუ
მენდოზა - სალტა
ჩენგდუ - იინჩუანი
სინინგი - ლასა
დენვერი -ჯექსონი
სტატისტიკურად, ორმოცდაათი ათასი ფრენიდან მხოლოდ ერთს აღენიშნება ძლიერი, პოტენციურად საშიში ტურბულენტობა. ტრავმის რისკის მინიმიზაციის საუკეთესო გზა ფრენის დროს უსაფრთხოების ღვედის ყოველთვის შეკვრაა.