ზოგჯერ მეცნიერება შეიძლება წარმოუდგენლად ნელი იყოს. მონაცემები წვეთ-წვეთად მოდის, სიმართლე ხშირად მოუხელთებელია, სიზუსტე კი ბუნდოვანი.
მსოფლიოში ყველაზე ხანგრძლივი ლაბორატორიული ექსპერიმენტი უწყვეტი სამუშაოა, რომელსაც უდიდესი სამეცნიერო მოთმინება სჭირდება. ის თითქმის საუკუნეა, უწყვეტად მიმდინარეობს რამდენიმე მცველისა და მრავალი მაყურებლის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ და ნელ-ნელა, წვეთწვეთობით იღვრება.
ყველაფერი 1927 წელს დაიწყო, როცა ავსტრალიის ქუინზლენდის უნივერსიტეტის ფიზიკოსმა თომას პარნელმა დახურული ძაბრი მსოფლიოში ცნობილი ყველაზე სქელი სითხით აავსო: კუპრით — ფისის წარმოებულით, რომლითაც ერთ დროს გემებს პოხავდნენ ზღვის წყლისგან დასაცავად.
სამი წლის შემდეგ, 1930 წელს, პარნელმა ძაბრს ყელი წააჭრა, როგორც ლენტა საზეიმო ღონისძიებაზე, რითაც ოფიციალურად დაიწყო კუპრის წვეთის ექსპერიმენტი. მას შემდეგ, შავმა ნივთიერებამ ჩამოდინება დაიწყო.
ყოველ შემთხვევაში, ასე შეგვიძლია ვთქვათ. ოთახის ტემპერატურაზე კუპრი შეიძლება მყარი ჩანს, მაგრამ სინამდვილეში, ის წყალზე 100-მილიარდჯერ უფრო ბლანტია.
პირველი პატარა წვეთი ლაბორატორიულ ჭურჭელში მხოლოდ რვა წლის შემდეგ ჩამოვარდა. მას შემდეგ, თითო წვეთი რიტმულად, რვა წელიწადში ერთხელ ვარდებოდა, მაგრამ პროცესი 1980-იან წლებში უფრო შენელდა, მას შემდეგ, რაც შენობაში ჰაერის კონდიცირება დააყენეს.
დღეს, ძაბრის ყელის წაჭრიდან 96 წლის შემდეგ, ჯამში ცხრა წვეთია ჩამოვარდნილი. ბოლოს წვეთი 2014 წელს ჩამოიღვენთა.
მეცნიერთა ვარაუდით, შემდეგი წვეთი 2020-იან წლებში ჩამოვარდება, მაგრამ ამას ჯერ კიდევ ელოდებიან.
სინამდვილეში, მიუხედავად უამრავი მახვილი თვალისა, წვეთის პირდაპირ ჩამოვარდნა არავის არასოდეს უნახავს. ექსპერიმენტი ახლა პირდაპირ ეთერში გადაიცემა, წარსულში არსებული სხვადასხვა ხარვეზის გამო ყოველი საბედისწერო მომენტი ხელიდან გვეცლებოდა.
პარნელის შემდეგ, 1961 წელს, ექსპერიმენტზე ზრუნვა მისმა კოლეგა ფიზიკოსმა ჯონ მეინსტოუნმა აიღო. სამწუხაროდ, ორივე ისე გარდაიცვალა, საკუთარი თვალით ვერასოდეს ნახა ერთი წვეთის ჩამოვარდნაც კი.
მეინსტოუნი ექსპერიმენტს 52 წლის განმავლობაში მეთვალყურეონდა. 2000 წელს მან წვეთის ვარდნა იმიტომ ვერ იხილა, რომ ჭექა-ქუხილმა პირდაპირი ტრანსლაცია შეაფერხა. ის 2014 წელს გარდაიცვალა, შემდეგი წვეთის ჩამოვარდნამდე რამდენიმე თვით ადრე.
ექსპერიმენტის შემდეგი, მესამე და ამჟამინდელი მეთვალყურეა ფიზიკის პროფესორი ენდრიუ უაიტი, რომელიც მოუთმენლად ელოდება მეათე წვეთის ჩამოვარდნას.
შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოს ყველაზე ხანგრძლივი ლაბორატორიული ექსპერიმენტი ფაქტობრივად ჯერ ახლა დაიწყო.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.